საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო – “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”
კამპანიას პირველი კომპანია – extra.ge შემოუერთდა და ზაკო მუშკუდიანთან დაიწყო თანამშრომლობა.
“პარალიმპიელი ჩემპიონების გვერდით დგომა ჩვენთვის ნიშნავს იმ დიდი გამარჯვებების გაზიარებას, რომლებიც შთაგვაგონებს და გვახსენებს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა” – აღნიშნავს მარიშა გოგოლაური, extra.ge-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.




