კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკური პლატფორმის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პროსახელისუფლებო ტელეარხ „იმედს“ 2026 წლის მეორე კვარტალში სამი ყველაზე მსხვილი დამკვეთი ჰყავდა. მათ შორის ორი სამშენებლო კომპანიაა.
500 000 ლარზე მეტი ღირებულების რეკლამა განათავსეს:
- სამშენებლო კომპანია „ანაგმა“
- სამშენებლო კომპანია „ავენიუ ბაი ორბიმ“
- ყავის მწარმოებელმა კომპანია „მეამამ“
100 ათასიდან 500 ათას ლარამდე რეკლამა განათავსეს კომპანიებმა:
- „ავერსი ფარმა“
- „პსპ ფარმა“
- „ბორჯომი“
- „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“
- „დიპლომატ ჯორჯია“
- „ვიმ ბილ დან საქართველო“
- „თ და კ რესტორნები“ („მაკდონალდსი“)
- „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“
- „ლაქტალის ჯორჯია“
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“
- „ქართული ლუდის კომპანია“
100 ათას ლარზე ნაკლები რეკლამა „იმედზე“ განათავსეს უცხოურმა კომპანიებმაც, მათ შორის არიან GlaxoSmithKline Consumer Healthcare Sp. z o.o (პოლონეთი), FERRERO RUSSIA (რუსეთი), კოლგეიტ პალმოლივი (რუსეთი), SC ROSHEN (უკრაინა) და Samsung Electronics Compani LLC (სამხრეთ კორეა).
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, მეორე კვარტალში „იმედის“ შემოსავალმა 8.073 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 48%-ით მეტია, თუმცა 2025 წლის მესამე (-44%) და მეოთხე (-58%) კვარტლებთან, ასევე 2026 წლის პირველ კვარტალთან (-25%) შედარებით ნაკლებია.
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ მეორე ტელეკომპანიაში, „პოსტივიში“, 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე რეკლამა განათავსა სამმა კომპანიამ. ესენია:
- შპს „მეამა“
- შპს „ბუნებრივი აირი“
- შპს „ვაზი 2020“
„პოსტივის“ შემოსავალმა 2026 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 1.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით დაახლოებით 27%-ით ნაკლებია. შემცირება ფიქსირდება 2025 წლის მესამე (-43%) და მეოთხე (-53%) კვარტლებთან, ასევე 2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით (-43%).
„ვერ გაგცემთ პასუხს“
რადიო თავისუფლება „მეამას“ დირექტორს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რატომ განათავსა და როგორ მიიტანა ფული კომპანიამ რეკლამა სანქცირებულ ტელეკომპანიებში, „იმედსა“ და „პოსტივიში“.
„მაგ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს“, – გვითხრა ლაშა შარიქაძემ.
ტელეკომპანიების დასანქცირების შემდეგ, შარიქაძემ 28 თებერვალს ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ სანქცირებულ კომპანიებთან არ ითანამშრომლებდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა.
„ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში“, – ეწერა „მეამას“ განცხადებაში.




