„აფხაზი მწერალი გვყავდა ტყვედ“ – ოჩამჩირელები ომის დაწყებას იხსენებენ

ოფიციალური ინფორმაცია ასეთია: საქართველოს სახელმწიფო საბჭომ აფხაზეთში სამთავრობო ძალები რკინიგზის დასაცავად გაგზავნა. ეს შეთანხმებული იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან. საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში ცეცხლი გაუხსნა და… ომიც ამით დაიწყო!ჯანდრი უბირია – 244 ბატალიონის პირველი ასეულის მეთაურიოჩამჩირელებს 14 აგვისტო კარგად ახსოვთ, ჯანდრი უბირია მაშინ ფრუნზეს ქუჩაზე ცხოვრობდა, 27 წლის იყო. საბჭოთა კავშირის დაშლამ კოოპერატივების ბუმი მოიტანა და მანაც მცირე ბიზნესი წამოიწყო.
ჯანდრი უბირია
იმ დღეს მეგობრები საქეიფოდ წასვლას აპირებდნენ, მაგრამ ამბავი მოვიდა, ჯარია შემოსულიო. ორი-სამი დღე არკვევდნენ, რა მოხდა და რა უნდა ექნათ.„საგზაო პოლიციის პოსტებზე აფხაზეთის გვარდია იდგა, მანქანებს ამოწმებდნენ. ქალაქში შემოსასვლელში „ბერდეემი“ (ჯავშანმანქანა – რ.თ.) ეყენათ. წამოვიდა ეს „ბერდეემი“ სიგნალ-სიგნალით შუა გზაზე და წავიდა სოხუმისკენ. მერე ჩვენები შემოვიდნენ ქალაქში. ოჩამჩირესთან ერთი გზა ქალაქის გვერდის ავლით, პირდაპირ სოხუმისკენ მიდიოდა. ამ გზაზე გაუხსნეს სეპარატისტებმა ცეცხლი საქართველოს ჯარს“, – ჰყვება ჯანდი უბირია.
მაშინ ჯერ კიდევ ეგონა, რომ ვითარება განიმუხტებოდა. ათიოდე დღის შემდეგ იმედი, რომ გადაეწურა, მეგობრებთან ერთად საბრძოლველად წავიდა. 24-ე ბრიგადის, 244 ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური იყო. იბრძოდა ერთი წელიწადი, სანამ დავალებაზე გასული ნაღმზე არ აფეთქდა და ორივე ფეხი არ დაკარგა. დღეს ის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დირექტორის მოადგილეა.„ამ ომმა ბევრ რამეს ახადა ფარდა. ჩემში ყველაფერი შეიცვალა, სარწმუნოებისა და ადამიანობის გარდა. უფრო ფრთხილი გავხდი, უფრო გაწონასწორებული, მშვიდი.მამაჩემმა გამოსვლა ვერ მოახერხა. როდესაც სეპარატისტები ჩემს სახლს მიადგნენ, არ შეუშვა. ადგნენ და მოკლეს. ბევრი დახვრიტეს ასე. არადა, ჩვენ გვერდით უამრავი აფხაზი იყო. მანამდე ჩვენ ვიცავდით და იმედი გვქონდა, მამაჩემსაც შეიფარებდნენ“, – ჰყვება ჯანდი.
მურთაზ კვარაცხელიას აღდგომის დღე ომშიმურთაზ კვარაცხელიაც ოჩამჩირიდანაა. მშვიდობიან დროს ინჟინერ-მექანიკოსი იყო. საბრძოლველად თავისი ნებით წავიდა. ამბობს, რომ პირველი ერთი თვე ჭირს, მერე ეჩვევიო. იბრძოდა მთელი ომის განმავლობაში, ომის შემდეგაც კი, ოჩამჩირეში არავინ გვითხრა, სოხუმი რომ დაცემული იყოო.
მურთაზ კვარაცხელია
„სოხუმელები ზოგი გემით გამოვიდა, ზოგი თვითმფრინავით, ზოგი – სვანეთით წავიდნენ, სხვა გზა არ იყო დარჩენილი. ახალდაბაში გზა იყო გადაკეტილი. აქეთ ვერ წამოვიდოდნენ, – იხსენებს მურთაზი. – ორი წელი ჩემს აზრზე არ ვიყავი, სულ ომი მესიზმრებოდა“.ომიდან აღდგომის დღე ახსოვს.„ერთხელ აღდგომას აფხაზი გადმოვიდა, ბიჭებო, პური და სიგარეტი აღარ გვაქვსო. გავუშვი პურის ქარხანაში მანქანა, ერთი ტომარა პური მოვატანინე. სიგარეტიც ჩვენ დავიკელით და მათ მივეცით. მათაც ღვინო და რაღაცები მოგვაწოდეს. ღვინო სანამ თვითონ არ გასინჯა, იმას როგორ გავეკარებოდით… ომის დროსაც ხდებოდა კარგი რაღაცეები, – იხსენებს მურთაზი, – აფხაზი მწერალი გვყავდა ტყვედ, ჯუმა ახუბა. მისი წიგნი მაქვს წაკითხული, მცემდნენო. თითი არავის დაუკარებია. მე თვითონ რამდენჯერ მივუტანე შავი პური. თეთრი ჩვენც არ გვქონდა და ახუბას საიდან ვაჭმევდი. საღ-სალამათი გავუშვით ოჩამჩირიდან“.ჯუმა ახუბას (1937-2019 წწ) ბიოგრაფიაში მართლაც არის აღწერილი მისი ტყვეობა, მწერალი ჰყვება, რომ ისე სასტიკად აწამებდნენ ქართველები, რომ ცოცხალი ძლივს გადარჩა.
თამაზ ინალიშვილის ორი ყველაზე დიდი გასაჭირითამაზ ინალიშვილს ომმა 35 წლისას მოუსწრო. 14 აგვისტოს ტყვარჩელიდან ბრუნდებოდა, როდესაც ოჩამჩირის შემოვლით გზაზე ქართულ ჯარს გადააწყდა, სატანკო დივიზიას.
თამაზ ინალიშვილი
„მათ სოხუმისკენ გააგრძელეს გზა. როგორც მერე გავიგე, აფხაზურმა არაფორმალურმა გვარდიამ ტანკი რომ დაინახა, ესროლა და ჩვენებმაც უპასუხეს. ერთი აფხაზი დაიღუპა. ასე მოხდა პირველი შეტაკება“, – იხსენებს თამაზი.ისიც სხვებივით ფიქრობდა, რომ საქმე ომამდე არ მივიდოდა, მაგრამ მალე კომისარიატში გამოიძახეს. მანამდე ჯარში წყალქვეშა ნავში მსახურობდა და უთხრეს, ფოთიდან კატარღა მოვა, იმას მოგცემთო. კატარღას კარგა ხანს ამაოდ ელოდნენ. რომ არ გამოჩნდა ისევ ხმელეთზე გაუშვეს საბრძოლველად. მეთაური იყო და ყველაზე მეტად ორი რამ უჭირდა: გამოუცდელი ახალგაზრდების გაჩერება, ომში რომ არ შეცვენილიყვნენ და დაღუპული მეომრის მშობლებისთვის თვალის გასწორება.„ერთხელ ერთი ბიჭი მოვიდა, თენგო. 17 წლისაც არ იყო. მოხალისეობა უნდოდა. არ მივიღე. წავიდა და დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად დაბრუნდა. მეხვეწნენ, მისი ყველა მეგობარი ომშია, ამასაც უნდა, იბრძოლოს, მიიღეთ, თორემ თვითონ წავა და დაგვეკარგებაო. ხელწერილი დავაწერინე და ისე ავიყვანე. საბედნიეროდ, გადარჩა. დღესაც კარგადაა“, – იხსენებს თამაზი.
მისი ომი ერთ წლის შემდეგ, 9 ივლისს დასრულდა, როდესაც მისმა მებრძოლებმა ტამიშის გზა გახსნეს. დაიჭრა და დიდხანს საავადმყოფოდან არ გამოსულა.„ომში სიკვდილზე საფიქრალად არ გცალია. მეთაური რომ ხარ, შენი ერთ გადაწყვეტილების გამო შეიძლება ნახევარი ბატალიონი გაწყდეს ან პირიქით რამდენიმე ადამიანი გადაარჩინო. ბრძოლა უნდა მოიგო და ამაზე ფიქრობ“, – ამბობს უკვე ახლა, 34 წლის შემდეგ.აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.