საქართველოში, EU-დან 249 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 611 ათასმა რუსეთიდან

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით შემცირდა და 1.93 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კლება ძირითადად ვიზიტორთა რაოდენობის შემცირებას უკავშირდება — იანვარ-ივნისში საქართველოს 2.73 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76 ათასით, ანუ 3%-ით ნაკლებია.

მიუხედავად შემოსავლების შემცირებისა, ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯი გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკის ვიზიტორთა სტატისტიკასთან შეფარდებით, 2026 წლის პირველ ნახევარში უცხოელი ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ 706 დოლარს ხარჯავდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 701 დოლარი იყო.

ქვეყნების მიხედვით, ვიზიტორთა ხარჯვის მოცულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 1 347 დოლარს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთის მოქალაქეების საშუალო ხარჯს – 503 დოლარს ერთ ვიზიტზე.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა ევროკავშირიდან ჩამოსულთა რაოდენობას 2.5-ჯერ აღემატებოდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ორივე ბაზრიდან თითქმის თანაბარი აღმოჩნდა.

2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 249 201 ვიზიტორი ჩამოვიდა, რომლებმაც ჯამში დაახლოებით 335.6 მილიონი დოლარი დახარჯეს. ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან 610 825 ვიზიტორი შემოვიდა, რომელთა მიერ დახარჯულმა თანხამ დაახლოებით 307 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მაღალი დანახარჯით გამოირჩევიან ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან ჩამოსული ვიზიტორებიც. ისრაელის მოქალაქეების საშუალო დანახარჯი ერთ ვიზიტზე 1 519 დოლარს შეადგენდა, ხოლო საუდის არაბეთის მოქალაქეების – 1 469 დოლარს.

ევროკავშირის ბაზარი ასევე გამოირჩევა ერთ ვიზიტორზე მაღალი დანახარჯით. ევროკავშირიდან ჩამოსული ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა აღემატება ისეთი მსხვილი ტურისტული ბაზრების მაჩვენებლებს, როგორიცაა რუსეთი და თურქეთი. თურქეთიდან ჩამოსული ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 485 დოლარი იყო.

საშუალო დანახარჯის მიხედვით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სომხეთის მოქალაქეებს ჰქონდათ – 191 დოლარი ერთ ვიზიტზე. ამასთან, სომხეთიდან ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო და 360 050 ვიზიტორი შეადგინა.

2026 წლის პირველ ნახევარში ძირითადი ტურისტული ბაზრების მიხედვით მიღებული შემოსავლები ასე გადანაწილდა:

#ქვეყანატურიზმის შემოსავალი მლნ დოლარი 2026 წლის პირველ ნახევარშივიზიტორთა რაოდენობა 2026 პირველ ნახევარშიერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 2026 წლის პირველ ნახევარში
1ევროკავშირი$336 მილიონი დოლარი249,201 ვიზიტორი$1,347
2რუსეთი$307 მილიონი დოლარი610,825 ვიზიტორი$503
3თურქეთი$255 მილიონი დოლარი525,380 ვიზიტორი$485
4ისრაელი$223 მილიონი დოლარი146,628 ვიზიტორი$1,519
5აზერბაიჯანი$108 მილიონი დოლარი133,345 ვიზიტორი$807
6უკრაინა$99 მილიონი დოლარი69,250 ვიზიტორი$1,429
7სომხეთი$69 მილიონი დოლარი360,050 ვიზიტორი$191
8ბელარუსი$40 მილიონი დოლარი46,220 ვიზიტორი$856
9საუდის არაბეთი$24 მილიონი დოლარი16,563 ვიზიტორი$1,469
10ირანი$20 მილიონი დოლარი29,397 ვიზიტორი$678
სულ მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი$1,932 მილიონი დოლარი2,734,504 ვიზიტორი$706

წყარო