ერთი მოსამართლის განსახვებული მოსაზრება – გიორგი კვერენჩხილაძე თვლის, რომ ტროტუარზე პროტესტის გამო ადამიანების დაკავება გაუმართლებელია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კვერენჩხილაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში პროტესტის შემზღუდავ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სარჩელებზე განსხვავებული აზრი წარმოადგინა.

მან მიიჩნია, რომ მკაცრი სასჯელები გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავს და მოქალაქეებში პროტესტის შიშს აჩენს.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში ჯამში 5 საჩივარია შესული, სადაც მოქალაქეები ასაჩივრებენ ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილს, რომლითაც გზის და ტროტუარის ხელოვნურად გადაკეტვასა და აქციაზე ნიღბით მისვლაზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ჩანაწერს, რომელიც ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში პასუხისმგებლობას იწვევს.
  • მოქალაქეები სარჩელებით მოითხოვდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ნორმების მოქმედება შეეჩერებინა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სწორედ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარმოადგინა მოსამართლე კვერენჩხილაძემ განსხვავებული აზრი. მან თავისი მსჯელობა 5 სხვადასხვა სარჩელს დაურთო.

კვერენჩხილაძე მოკლედ შეაჯამა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი, რატომ არ შეაჩერეს სადავო ნორმის მოქმედება.

მისი თქმით, კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ პატიმრობა არ არის გამოუსწორებელი ზიანი – თუ ნორმა მოგვიანებით არაკონსტიტუციური გახდება, პატიმრობის სამართლებრივი შედეგები გაუქმდება და განაჩენი გადაისინჯება; მოსამართლეებმა ასევე მიიჩნიეს, რომ სადავო წესები არ კრძალავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ მხოლოდ განსაზღვრავს განხორციელების წესებს და დარღვევისათვის პასუხისმგებლობას; ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ პირს პატიმრობის მოხდის შემდეგაც შეუძლია ისარგებლოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით კანონის დაცვით, შესაბამისად, რეალური გამოუსწორებელი საფრთხე არ არსებობს.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეში მექანიკურად გამოიყენა საკუთარი წინა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობა ან უკვე აღკვეთილი თავისუფლება, თავისთავად, გამოუსწორებელ ზიანად არ მიიჩნევა.

კვერენჩხილაძე მიიჩნევს, რომ საქმის სპეციფიკა განსხვავებულია, რადგან პატიმრობა აქ მხოლოდ პირადი თავისუფლების შემზღუდავი სანქცია არ არის – ის პირდაპირ მოქმედებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე და ამ უფლებების განხორციელების შეკავების „რეალური და მძლავრი პოტენციალი“ აქვს.

მოსამართლის აზრით, სასამართლოს არ უნდა შეეფასებინა მხოლოდ ის, შესაძლებელია თუ არა მომავალში უკანონოდ შეფარდებული სასჯელის სამართლებრივი შედეგების აღმოფხვრა. მისი თქმით, თუ ადამიანს კონკრეტულ დროს პროტესტში მონაწილეობის ან საკუთარი მოსაზრების გამოხატვისგან პატიმრობის საფრთხე შეაკავებს, მოგვიანებით ამ შესაძლებლობის დაბრუნება შეუძლებელია.

კვერენჩხილაძე აკრიტიკებს სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც 15- ან 20-დღიანი პატიმრობა სისხლისსამართლებრივ თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლებად ინტენსიური ღონისძიებაა და ამიტომ მით უფრო არ ქმნის გამოუსწორებელი ზიანის საფრთხეს.

მისი თქმით, ზიანის ინტენსივობა მხოლოდ პატიმრობის დღეების რაოდენობით ვერ განისაზღვრება. გადამწყვეტია ისიც, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა ამ შემთხვევაში სწორედ შეკრებისა და გამოხატვის პროცესში განხორციელებული ქმედებისთვის გამოიყენება. ამასთან, სისხლის სამართლისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული პატიმრობის უკვე დამდგარი შედეგების გადასინჯვისა და აღმოფხვრის ანალოგიური სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

კვერენჩხილაძე ასევე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოუსწორებელი ზიანი ფაქტობრივად მხოლოდ იმ შემთხვევასთან დააკავშირა, როდესაც ადამიანს უფლების განხორციელება სრულად ერთმევა. მისი აზრით, ეს მიდგომა ზედმეტად ავიწროებს გამოუსწორებელი ზიანის ცნებას.

მოსამართლის განმარტებით, შეკრებისა და გამოხატვის უფლებების ეფექტიანობა კონკრეტულ დროს, ადგილსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ადამიანს მომავალში კვლავ ექნება შეკრებისა თუ გამოხატვის უფლებით სარგებლობის ფორმალური შესაძლებლობა, ყოველთვის ვერ აანაზღაურებს იმ კონკრეტული შესაძლებლობის დაკარგვას, რომელიც მან სანქციის შიშის გამო ვერ გამოიყენა.

კვერენჩხილაძე განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია სადავო რეგულაციების შესაძლო „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე.

მისი თქმით, პატიმრობის საფრთხემ შეიძლება მოქალაქე არა მხოლოდ უკვე განხორციელებული ქმედებისთვის დასაჯოს, არამედ გადააფიქრებინოს პროტესტში მონაწილეობა ან საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა. სწორედ ეს ეფექტი შეიძლება წარმოადგენდეს ისეთ შეუქცევად შედეგს, რომლის გამოსწორებაც ნორმის მომავალში არაკონსტიტუციურად ცნობით ვეღარ მოხდება.

განსხვავებულ აზრში მოსამართლე ასევე ამახვილებს ყურადღებას სადავო ქმედებების ხასიათზე.

მისი შეფასებით, სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნა შესაძლოა სხვა ადამიანების გადაადგილების დროებით შეფერხებას იწვევდეს, თუმცა ეს ქმედებები თავისთავად არ არის დაკავშირებული ძალადობასთან, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფასთან ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის აშკარა და უშუალო საფრთხის შექმნასთან.

ამასთან, კვერენჩხილაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა ასეთი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ფორმები – ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა – დააწესა, თანაც არასაპატიმრო ალტერნატივის გარეშე.

მოსამართლე აღნიშნავს, რომ ადამიანების გადაადგილების დროებითი შეფერხება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მრავალი მიზეზით ხდება – მაგალითად, პარკირების, სამშენებლო ან კომერციული საქმიანობის გამო – თუმცა ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო თავისუფლების აღკვეთას დაცვის აუცილებელ მექანიზმად არ მიიჩნევს.

ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეკისრებოდა ვალდებულება, შეემოწმებინა, რატომ იყო აუცილებელი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების ფარგლებში განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებებისათვის საპატიმრო სანქციების გათვალისწინება ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების თავისუფლების დაცვისთვის. ამგვარად, მართალია, არ უარვყოფ, რომ ქვეითთა გადაადგილების დროებითი შეფერხების პრევენცია შეიძლება იყოს სახელმწიფოს ლეგიტიმური რეგულირების საგანი, თუმცა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული გარემოება, თავისთავად, არ სცემს პასუხს კითხვას, რატომ არის ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნის თავიდან აცილებისათვის საჭირო თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეფერხება წარმოიშობა მშვიდობიანი და არაძალადობრივი შეკრების კონტექსტში“, – წერს მოსამართლე.

კვერენჩხილაძე ასევე მიუთითებს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას და ისეთ ქმედებებს, რომლებიც ძალადობას, კონსტიტუციური წესრიგის დამხობისკენ მოწოდებას, იარაღის გამოყენებას ან სხვა აშკარა და სერიოზულ საფრთხეს უკავშირდება.

მოსამართლის პოზიციაა, რომ ამ საქმეში სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა არა მხოლოდ ის, შესაძლებელია თუ არა მომავალში თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შედეგების გაუქმება, არამედ ის, თუ როგორ მოქმედებს პატიმრობის საფრთხე უშუალოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე. სწორედ ამ კონტექსტში მიიჩნევს ის, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ შეიძლება ისეთი გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს, რომლის თავიდან აცილებაც ნორმების დროებით შეჩერებით იყო შესაძლებელი.