აქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინა.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილის სახელზეა თბილისში მდებარე ორი ავტოფარეხი, რომლებიც 2025 წელს ჯამში 15 000 აშშ დოლარად შეიძინა.
მის საკუთრებაშია ასევე თეთრიწყაროში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 2 000 კვ.მ ფართობით, რომლებიც 2011 წელს 9 000 აშშ დოლარად შეიძინა.
გიორგი გაბიტაშვილი ასევე ფლობს თბილისში მდებარე 203.2 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც გასულ წელს 182 880 აშშ დოლარად შეიძინა.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია თბილისში მდებარე 802 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2021 წელს 200 000 აშშ დოლარად არის შეძენილი, და 58.3 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2022 წელს 50 000 აშშ დოლარად შეიძინა.
გიორგი გაბიტაშვილის ოჯახის წევრის, დედის სახელზეა დეკლარირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მდებარე 3 033 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილი, ასევე ფონიჭალაში მდებარე 1 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თბილისში არსებული არასაცხოვრებელი ფართი და ბინა.
დედის საკუთრებაშია ასევე სოფელ ქვიშხეთში მდებარე 663 კვ.მ აგარაკის 39%-იანი წილი, რომელიც მას მემკვიდრეობით გადაეცა.
დეკლარაციაში მითითებულია თბილისში მდებარე 48 კვ.მ ბინაც, რომელიც 2010 წელს 20 000 აშშ დოლარად არის შეძენილი, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე 309 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციაც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 2025 წელს განხორციელდა.
დოკუმენტის მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილის მეუღლე ფლობს ორ ავტომობილს – Lexus NX 300-ს, რომელიც 2022 წელს 19 813 აშშ დოლარად შეიძინა, და Lexus NX 350-ს, რომელიც გასულ წელს 30 000 აშშ დოლარად არის შეძენილი.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი გაბიტაშვილს საბანკო ანგარიშებზე თანხა არ უფიქსირდება. ამასთან, ნაღდი ფულის სახით დეკლარაციაში მითითებულია, რომ ჰქონდა 350 000 ლარი და 62 000 ლარი. ხოლო მის მეუღლის დანაზოგი 5000 აშშ დოლარს შეადგენდა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, გასული წლის იანვრიდან 11 ივნისის ჩათვლით ხელფასის სახით 57 564 ლარი მიიღო. გენერალური აუდიტორის საქმიანობიდან კი, 11 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისი შემოსავალი 75 415 ლარი იყო.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილის მეუღლე სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშია დასაქმებული, სადაც დირექტორის მოადგილის პოსტს, ადმინისტრაციულ საკითხებში, იკავებს. მას ხელფასის სახით გასულ წელს 72 086 ლარი აქვს აღებული.
გიორგი გაბიტაშვილის დედა კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურში ადმინისტრაციული სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტია. გასულ წელს მისმა ანაზღაურებამ 20 042 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 10 აპრილს ყოფილ გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს დიდმა ბრიტანეთმა 3 მაღალჩინოსანთან ერთად ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა. ესენი იყვნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე.
ბრიტანეთის საელჩოს განმარტებით, აღნიშნული პირების მიმართ სანქციები დაწესდა მათ მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.




