ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ფრენა ალასკას მახლობლად განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა „ტუ-95“-მა აშშ-ის შტატის, ალასკას მახლობლად მდებარე წყლების თავზე გადაიფრინა.
„ფრენა საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით განხორციელდა“, – განაცხადა რუსეთის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, სერგეი კობილაშმა.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ განაცხადა, რომ მათ ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირეს.
„რუსული თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დარჩა და აშშ-ის ან კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში არ შესულა“, – ნათქვამია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობის განცხადებაში.