“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელისაშვილის პიროვნების, მისი პოლიტიკური კუთვნილების, უკანასკნელ წლებში მმართველ პარტიასთან მისი სისტემატური კონფლიქტის და სხვა კონტექსტუალური გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ელისაშვილის გამტყუნება ტერორისტული აქტის და არა სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, შესაძლოა, მოხდა იმის გამო, რათა სამაგალითოდ დასჯილიყო პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი და, ამასთანავე, ჩრდილი მიჰყენებოდა, როგორც საკუთრივ ელისაშვილის პიროვნებას, ისე იმ პარტიას, რომლის წევრიც ის არის, და უფრო ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, მთელ პროდასავლურ ოპოზიციას.
„2026 წლის 10 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 323-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში და სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. განაჩენის მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა ტერორისტული მიზნით.
სასამართლოს განაჩენის სამართლებრივი ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაასაბუთა ტერორისტული მიზნის არსებობა. შესაბამისად, მის მიმართ სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა კონვენციური უფლებები; ეს გარემოება წარმოშობს საფუძველს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, რადგან იგი აკმაყოფილებს ევროსაბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებები – მოწმეთა ჩვენებები, ამოღებული ვიდეომასალა და ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა უტყუარად ადასტურებს, რომ სასამართლოს კანცელარიის მისაღების შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას მართლაც ჰქონდა ადგილი. მეტიც, თავად ელისაშვილმაც დაადასტურა, რომ სასამართლოს კანცელარიის მისაღების შენობას ბენზინი დაასხა მისი გადაწვის მიზნით. განაჩენის მთავარი სამართლებრივი პრობლემა, შესაბამისად, არა ცეცხლის წაკიდების მცდელობის ფაქტის დამტკიცებაში, არამედ ამ ქმედების ტერორისტულ დანაშაულად კვალიფიკაციაში მდგომარეობს.
სასამართლოს განაჩენიდან ირკვევა, რომ ელისაშვილი უკმაყოფილო იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებითა და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობით.
განაჩენის მიხედვით, თავის საბოლოო სიტყვაში ალექსანდრე ელისაშვილმა განმარტა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ მის მიმართ უსამართლოდ ხორციელდებოდა დაკავებები და ფიზიკური ძალადობა. ამრიგად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმაოდ მკაფიოდ მიუთითებს ქმედების პოლიტიკურ და საპროტესტო მოტივზე.
ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე და იცის შენობების განლაგება, სრულიად დაუსაბუთებლად მოჩანს სასამართლოს დასკვნა, რომ ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებას შეეძლო სასამართლოს ეზოში განთავსებული ყველა შენობის განადგურება.
ის ფაქტი, რომ ხანძარს შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა, თავისთავად არ ადასტურებს, რომ ქმედება ტერორისტული მიზნით იყო ჩადენილი.
სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ ის, რომ ელისაშვილს სურდა სასამართლოს შენობის გადაწვა და რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა, არამედ ისიც, თუ კონკრეტულად რა სპეციალური მიზანი ამოძრავებდა მას ამ ქმედების განხორციელებისას.
სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ელისაშვილს ჰქონდა მკაფიო მოტივი: იგი უკმაყოფილო იყო ხელისუფლებისა და სასამართლოს საქმიანობით, მიიჩნევდა სასამართლოს უსამართლოდ და სურდა ამ უკმაყოფილების რადიკალური ფორმით გამოხატვა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ არსებობდა კანონით განსაზღვრული ტერორისტული მიზანი. პოლიტიკური პროტესტი შეიძლება იყოს დანაშაულის მოტივი, მაგრამ პოლიტიკური მოტივი თავისთავად არ არის ტერორისტული მიზანი.
სასამართლოს უნდა დაედგინა, კონკრეტულად ტერორისტული მიზნის რომელი სახეობა ამოძრავებდა ელისაშვილს, იყო ეს მოსახლეობის დაშინება, ხელისუფლების ორგანოს იძულება, შეესრულებინა ან არ შეესრულებინა ესა თუ ის მოქმედება, თუ ქვეყნის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება. კიდევ ერთხელ, ასეთი რამ სასამართლოს არ განუხორციელებია. განაჩენში ვერსად იპოვით ადგილს, სადაც სასამართლო დეტალურად, ფართოდ და დამარწმუნებლად მსჯელობს, რომ ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზნის რომელიმე ზემოთ მითითებული ნიშანი იკვეთება.
ელისაშვილის საქმეში, სამართლიანი სასამართლოს უფლების გარდა, ასევე იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლით დაცული უფლების დარღვევის ნიშნებიც.
ელისაშვილის პიროვნების, მისი პოლიტიკური კუთვნილების, უკანასკნელ წლებში მმართველ პარტიასთან მისი სისტემატური კონფლიქტის და სხვა კონტექსტუალური გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ელისაშვილის გამტყუნება ტერორისტული აქტის და არა სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, შესაძლოა, მოხდა იმის გამო, რათა სამაგალითოდ დასჯილიყო პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი და, ამასთანავე, ჩრდილი მიჰყენებოდა, როგორც საკუთრივ ელისაშვილის პიროვნებას, ისე იმ პარტიას, რომლის წევრიც ის არის, და უფრო ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, მთელ პროდასავლურ ოპოზიციას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოს ჰქონდა სრული საფუძველი დაესკვნა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა. თუმცა, განაჩენის მთავარი პრობლემა ელისაშვილის ქმედების ტერორისტულ აქტად კვალიფიკაციაა.
სასამართლომ სწორედ დაადგინა ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივი: იგი უკმაყოფილო იყო სასამართლოსა და ხელისუფლების საქმიანობით, საკუთარ ქმედებას პოლიტიკური პროტესტის გამოხატულებად მიიჩნევდა და ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სურდა. მაგრამ პოლიტიკური მოტივი და ტერორისტული მიზანი ერთმანეთისგან განსხვავებული სამართლებრივი ცნებებია.
სასამართლოს უნდა დაედგინა, კონკრეტულად რომელი ტერორისტული მიზანი ამოძრავებდა ელისაშვილს და რომელი კონკრეტული მტკიცებულებები ადასტურებდა ამ მიზანს. სასამართლომ ეს მოვალეობა ვერ შეასრულა.
ცნო რა ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ტერორისტული აქტის მცდელობაში, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული მიზნის არსებობა ვერ დაამტკიცა, სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა უფლებები. ეს გარემოება წარმოშობს საფუძველს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, რადგან იგი აკმაყოფილებს ევროსაბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
ალექსანდრე ელისაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკური პატიმრების სიაში“,- ნათქვამია განცხადებაში.




