ავტორი: თათია ღვინერია, ხელოვნებათმცოდნე
უამრავი ლეგენდა არსებობდა მელიქ-აზარიანცის სახლის სარდაფის შესახებ, რომელიც აზარიანცსა და მის შემოსავლიან სახლს იდუმალებით ავსებდა. თუმცა ამ ლეგენდების წარმოშობის მიზეზი საკმაოდ ბანალურია – სარდაფი წლების განმავლობაში ნაგვით იყო სავსე და მასში ჩასვლას ვერავინ ახერხებდა. თუმცა, გადმოცემით ცნობილი იყო, რომ შენობას მიწის ქვეშ ორსართულიანი მდიდრული სარდაფები ჰქონია.
მელიქ-აზარიანცის სახლი, თავისი სარდაფებით, „სილქ როუდ ჯგუფის“ მფლობელობაშია. შენობა კომპლექსურ სარესტავრაციო სამუშაოებს მოითხოვს. პირველი ეტაპი ნაგებობის ნაგვისგან გაწმენდა და გვიანი მინაშენებისგან გასუფთავებაა. „სილქ დეველოპმენტის“ მიერ ჩასატარებელი სამუშაოების პირველი ეტაპი სწორედ სარდაფების გაწმენდასა და ეზოს მხარეს საბჭოთა პერიოდის კონსტრუქციის მოხსნას ითვალისწინებდა, რის შედეგადაც, ორდონიანი, უმნიშვნელოვანესი სივრცე გამოჩნდა, რამაც უამრავ კითხვას გასცა პასუხი და ამავდროულად, დაადასტურა შენობის ძალზედ მაღალი მხატვრული თუ არქიტექტურული ღირებულებაც.
ეროვნულ არქივში დაცული მასალებით ირკვევა, რომ 1915 წელს აქ ყოფილა 550 მაყურებელზე გათვლილი “სინემატოგრაფი”, რომლის მოწყობასაც არქიტექტორი დავით ჩისლიევი ხელმძღვანელობდა. 1918 წელს შენობის ეზოში გაიხსნა კინემატოგრაფი „ამირანი“, რომლის მფლობელებიც ყოფილან ვინმე კრაუზე და ჰეგელი. ეს კინოთეატრი, სავარაუდოდ, საზაფხულო იყო და შენობის შიდა ეზოში თავსდებოდა. ამის შესახებ იუწყებოდა პრესაც, სადაც მითითებული იყო, რომ მელიქ-აზარიანცის სახლში სასტუმროსა და კინემატოგრაფის გახსნა იგეგმებოდა.
1919 წლის პრესაში მითითებულია, რომ აზარიანცის სახლში ყოფილა „ყოფილი მინიატიურების თეატრი“, შემდეგ კი – კინოთეატრი „ფილმა“. ეს დაწესებულებები დიდი ალბათობით სწორედ შენობის შიდა სივრცეებში იყო განთავსებული.
1916-17 წლის აღწერილობაში ამ თეატრთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ საკმაოდ დიდი სივრცე სახლის პასაჟს წარმოადგენდა, რომელიც მის შუა ნაწილში იყო განთავსებული. მასში მოხვედრა შეიძლებოდა როგორც გამზირიდან, ისე ვერის დაღმართიდანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაყურებლის ნაკადის დასარეგულირებლად. თეატრი აგებული იყო რკინაბეტონის კონსტრუქციით, კედლები კი აგურისა იყო. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ თეატრი ძირითადი შენობისგან იმიჯნებოდა ისე, რომ ხანძრის შემთხვევაში ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხდებოდნენ (რეალურადაც ასეა – სარდაფები მიწის ქვეშ არის განთავსებული და იზოლირებული). ძირითადი სივრცე ოთხ სვეტზე გადასროლილი თაღისგან შედგებოდა. ამავე დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ თეატრის ქვემოთ ლომბარდი იყო მოწყობილი, რომელიც ხელს არ უშლიდა თეატრის ფუნქციონირებას. პარტერი შედგებოდა 16 რიგისგან, სცენა ტრაპეციის ფორმისა იყო და გაფორმებული – დეკორაციით. დარბაზს ჰქონდა ფოიეც, გათბობაც და სპეციალური სახანძრო სისტემაც.
გამოდის, რომ აზარიანცის საიდუმლო სარდაფები სინამდვილეში გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ლეგენდები მოგვითხრობდნენ. აქ არც განძი ყოფილა დამარხული და არც რაიმე ბნელი ისტორია – უბრალოდ, ნაგვის ქვეშ თბილისის კულტურული ცხოვრების ერთი დავიწყებული ეპოქა იმალებოდა: დარბაზები, სადაც ერთ დროს ქალაქი იკრიბებოდა კინოსა თუ წარმოდგენებზე დასასწრებად. დღეს, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ეს სივრცე ისევ ცოცხლდება – და, შესაძლოა, ისევ ისეთი ხმაურით აივსოს, რომლითაც ოდესღაც ცხოვრობდა.
bm.ge-ს გავრცელებული ინფორმაციით, შოთა რუსთაველის გამზირის №37-ში მდებარე მელიქ-აზარიანცის სახლის ეტაპობრივ რეაბილიტაციას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად „სილქ დეველოპმენტი“ განაგრძობს.
„სამუშაო მიმდინარეობს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეების, არქეოლოგების, არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ. ამ ეტაპზე ხორციელდება დაზიანებული ნაწილის გამაგრებითი და სარესტავრაციო სამუშაოები.
რეაბილიტაციის თითოეული ეტაპი კვლევებზე დაყრდნობით, შენობის პირვანდელი იერსახის სრული გათვალისწინებით მიმდინარეობს – შენარჩუნდება ისტორიული თაღები და სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტები. ამავე ეტაპზე ე.წ. მარაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს გვიანდელი, ძირითადად საბჭოთა პერიოდის დროს შესრულებული მიშენებების დემონტაჟი, რაც შენობას ეტაპობრივად უბრუნებს მის ავთენტიკურ ისტორიულ სახეს“.







