ხაშურის რესურსცენტრის უფროსი: ეს არის “ZARA”-ს 299 ლარიანი პიჯაკი. სასკოლო ფორმის სიიაფე, მართლა არ ნიშნავს მის უხარისხობას

„ზარას“ 299-ლარიანი პიჯაკისა და 45-ლარიანი სასკოლო ფორმის ქსოვილის შემადგენლობა ერთმანეთს ჰგავს — ამის შესახებ ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე აცხადებს.
✔️„ეს არის ზარას 299 ლარიანი პიჯაკი. ნაჭრის შემადგენლობა იმეორებს სასკოლო ფორმის შემადგენლობას“, — წერს ზვიად გოგუაძე სოციალურ ქსელში.
📌 მისი თქმით, სასკოლო ფორმის დაბალი ფასი მის უხარისხობას არ ნიშნავს.
✔️„სასკოლო ფორმის სიიაფე მართლა არ ნიშნავს მის უხარისხობას“, — აცხადებს გოგუაძე.
📌 თავისი მოსაზრების გასამყარებლად, ზვიად გოგუაძემ „ზარას“ პიჯაკის ეტიკეტიც წარმოადგინა. ეტიკეტის მიხედვით, პიჯაკი თურქეთშია დამზადებული, მისი გარე გარსი 65% პოლიესტერსა და 24% ვისკოზას შეიცავს, ხოლო სარჩული 100%-ით პოლიესტერისგან არის დამზადებული.
📌 რაც შეეხება განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პიჯაკს, რომლის ღირებულება 45 ლარია, გოგუაძემ მოგვაწოდა მისი ქსოვილის შემადგენლობისა და ხარისხის სპეციფიკაციები.
👉 დოკუმენტის მიხედვით, სასკოლო პიჯაკის, შარვლისა და ქვედაკაბის ძირითადი ქსოვილი შეიცავს 72% პოლიესტერს, 25% ვისკოზას (რეონს) და 3% სპანდექსს/ელასტინს. წერია, რომ პიჯაკის სარჩულიც დამზადებულია 100%-იანი პოლიესტერისგან.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, განმარტებულია:
✔️ პოლიესტერი — სინთეზური ბოჭკოა. ქსოვილს მატებს გამძლეობას, ფორმის შენარჩუნების უნარს და ნაკლებად იჭმუჭნება.
✔️ვისკოზა (რეონი) — ბოჭკოა, რომელიც ცელულოზისგან მზადდება. ჩვეულებრივ, ქსოვილს უფრო რბილ და სასიამოვნო შეგრძნებას აძლევს.
✔️ სპანდექსი/ელასტინი — ძალიან ელასტიკური ბოჭკოა. მცირე რაოდენობითაც კი ქსოვილს გაწელვისა და მოძრაობის შესაძლებლობას მატებს.