გურამ დადიანიძის საქმე – უცნობი ავტორის მიერ გადაღებულ 28-წამიანი ვიდეო 2014 წლით თარიღდება, სავარაუდოდ სოფელ ქვემო მლეთაში იმ დროს არის გადაღებული, როცა გურამ დადიანის მეგობრებმა მოზარდის კვალი დაკარგეს. მასალაში გარკვევით ისმის განწირული თხოვნა – “არ მიმატოვო”.
12 წლის წინ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ, სოფიო ბაბილაშვილმა გავრცელებულ ვიდეოში დაკარგული შვილის ხმა ამოიცნო. ქალი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი განსაცდელში იყო და დახმარებას ითხოვდა.
გავრცელებული კადრების შემდეგ, კითხვები, ბურუსით მოცულ საქმეში, უფრო მეტი გაჩნდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა წლების განმავლობაში საკუთარი ძალებით ცდილობდა შვილის კვალზე გასულიყო. მთავარი მოთხოვნა წლების განმავლობაში იყო ის, რომ სპეც ტექნიკით შეემოწმებინათ დამეწყრილი ტერიტორია. ქალს დაკარგულის მეგობრები არწმუნებდნენ, რომ გურის კვალი ღამის 3 საათის შემდეგ დაკარგეს, თუმცა გავრცელებულმა ვიდეომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
გურამ დადიანიძე ლომისობის დღესასწაულზე 6 მეგობართან და მეგობრის მამასთან ერთად იყო. საგამოძიებო უწყებამ 1 კვირის წინ მოწმეები თავიდან დაკითხა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რის საფუძველზე არ ჩატარდა ჯერ კიდევ 12 წლის წინ სრულფასოვანი გამოძიება, რატომ არ ამოიღეს ტელეფონები.




