ComCom-მა POSTV მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 2 500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, POSTV “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 2 500 ლარით დააჯარიმეს.

მათი ინფორმაციით, 22-23 ივნისს არხზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში გამოიკვეთა პირადი მოსაზრებების გავრცელების და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. POSTV-ის მიმართ მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე გამოყენებული იყო.

“კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის 22 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა მაუწყებლის მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა, ასევე, ახალ ამბებში ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გაშუქების მოთხოვნების დაცვა ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ობიექტური, მრავალმხრივი ინფორმაცია.” – ნათქვამია განცხადებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ “პოსტვ”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება უკვე გამოყენებული იყო, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი 2 500 ლარით დააჯარიმა.