საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასთან.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევამ, მათ შორის ომის დღეებში ევროპელი ლიდერების თბილისში ვიზიტმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის სამხედრო წინსვლის შეჩერებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, საკუთარი აგრესიის პასუხისმგებლობა თავად მსხვერპლს -საქართველოს დააკისროს, რაც რუსეთის იმპერიის ტრადიციულად ნაცადი ხერხია. აღინიშნება, რომ ამ ნარატივის გამეორება ან/და მისი შინაარსის გაზიარება აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ისტორიული სიმართლე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, არ უნდა იქცეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად.
სამოქალაქო საზოგადოება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს და შემდგომ, 2014 და 2022 წლებში უკრაინის წინააღმდეგ მკაფიო შეხსენებაა ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის. არამედ, იგი საფრთხეს უქმნის იმ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც სახელმწიფოების სუვერენულ თანასწორობას, თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას ეფუძნება.
„18 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ქედს ვიხრით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის წინაშე. მათი თავგანწირვა ჩვენი სახელმწიფოსა და ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია.
აგვისტოს ომი მხოლოდ წარსულის ნაწილი არ არის. მისი ისტორიული გააზრება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, დეოკუპაციის პოლიტიკის მიზნებსა და იმ საერთაშორისო-სამართლებრივ პოზიციების განუხრელ დაცვას და განმტკიცებას, რომლებიც ქვეყანამ ბოლო 18 წლის მანძილზე ჩამოაყალიბა. სწორედ ამიტომ, 2008 წლის ომზე საჯარო მსჯელობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. როდესაც საუბარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, პარტიული მიზნებისთვის ისტორიული ფაქტების დამახინჯება დაუშვებელია.
ომის შემდეგ, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვან სამართლებრივ, დიპლომატიურ და პოლიტიკურ შედეგებს მიაღწია. სხვადასხვა პერიოდში გაწეულმა მრავალწლიანმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გაამყარა საქართველოს საერთაშორისო პოზიციები სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. ჩამოყალიბდა რუსეთის მიერ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა აქვს. რუსეთმა დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერ მოახერხა ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვება ვერცერთი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მქონე ქვეყნის მიერ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით დაადასტურეს რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოში ოკუპაციასა და საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევებზე.
აგვისტოს ომმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი დაგვიტოვა – საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო პარტნიორობასთან. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების ძალისხმევამ, მათ შორის ომის დღეებში ევროპელი ლიდერების მხარდამჭერმა ვიზიტმა თბილისში, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა რუსეთის სამხედრო წინსვლის შეჩერებასა და ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაში.
რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, საკუთარი აგრესიის პასუხისმგებლობა თავად მსხვერპლს -საქართველოს დააკისროს, რაც რუსეთის იმპერიის ტრადიციულად ნაცადი ხერხია. ამ ნარატივის გამეორება ან/და მისი შინაარსის გაზიარება აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ისტორიული სიმართლე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, არ უნდა იქცეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად.
რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს და შემდგომ, 2014 და 2022 წლებში უკრაინის წინააღმდეგ მკაფიო შეხსენებაა ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის. არამედ, იგი საფრთხეს უქმნის იმ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც სახელმწიფოების სუვერენულ თანასწორობას, თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას ეფუძნება.
კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების წინაშე. ვაფასებთ ომის მონაწილე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ღვაწლს, ისევე როგორც იმ სამხედროებისას, რომლებიც დღესაც სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის სადარაჯოზე დგანან. მათი თავგანწირვა გვავალდებულებს, დავიცვათ ისტორიული სიმართლე, შევინარჩუნოთ ეროვნული ღირსება და ვემსახუროთ სამშობლოს, რომლის დასაცავადაც მათ ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლე გაიღეს!“,- ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტის ხელმომწერები არიან:
- ეკა აკობია — სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- გიორგი ანთაძე — ჯეოქეისი
- 3. მერაბ ანთაძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონფლიქტების მოგვარების და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
- თეონა აქუბარდია — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წწ, პარლამენტის წევრი 2020-2024 წწ
- გიორგი ბადრიძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი
- აკია ბარბაქაძე — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
2016-18წწ, თადარიგის პოლკოვნიკი
- ნატო ბაჩიაშვილი — გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
- გელა ბეჟუაშვილი — საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2004), საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2005-2008)
- ოთარ ბერძენიშვილი — ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის და მაკედონიის რესპუბლიკებში
- გიორგი ბილანიშვილი — სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი
- დავით ბრაგვაძე — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2014-18წწ.
- ზაზა ბროლაძე — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2012-13 წწ.
- გიორგი ბუაჩიძე — ყოფილი დიპლომატი
- დავით ბუჯიაშვილი — საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- არჩილ გეგეშიძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- გიგი გიგიაძე — ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი
- ნიკოლოზ (ნუკრი) გოგიტიძე — თადარიგის იუსტიციის გენერალ-მაიორი
- პაატა დავითაია — საქართველოს პარლამენტის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012წწ)
- მიხეილ დარჩიაშვილი — საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
2013-2014წწ, საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- დავით დონდუა — ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი
- ნიკოლოზ ვაშაკიძე — საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე
- მერაბ ვაშაკიძე — ყოფილი დიპლომატი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- თეიმურაზ კეკელიძე — საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში 2020-2023 წწ.
ვახტანგ კაპანაძე — თადარიგის გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2005-2006 და 2012-2016 წწ.
- დავით კაპანაძე — ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობის ყოფილი უფროსი მრჩეველი
- ირაკლი ლაითაძე — ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
- შალვა ლომიძე — საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი 2021-2024 წწ, თადარიგის გენერალ-მაიორი
- მარიამ მაისაია-ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ყოფილი უფროსი მრჩეველი
- ეკატერინე მეგრელიშვილი — ყოფილი დიპლომატი
- გიორგი მელაშვილი — ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე
- მალხაზ მიქელაძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- გიორგი მუჩაიძე — საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი
- დავით რაქვიაშვილი — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
2017-18 წწ.
- ნიკოლოზ რთველიაშვილი — ყოფილი დიპლომატი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ვასილ რუბაშვილი — ყოფილი დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი
- გიორგი რუხაძე — საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი
- დავით სიხარულიძე — საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2008-2009
წლებში, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში
- მიხეილ უკლება — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- თენგიზ ფხალაძე — საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი – საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი 2014-2018
- ნინო ფიფია — ყოფილი დიპლომატი
- მირიან ფოფხაძე — უფროსი მკვლევარი დელფის გლობალურ კვლევათა ცენტრში
- ნიკოლოზ ქავთარაძე — სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი
- თამარ ქარსელაძე — ყოფილი დიპლომატი
- გიორგი ქობელაშვილი — ყოფილი დიპლომატი
- ბათუ ქუთელია — საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ, კანადასა და მექსიკაში, დელფის უფროსი მკვლევარი
- ნოდარ ხარშილაძე — საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
- ნიკოლოზ ხატიაშვილი — საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ყოფილი უფროსი
- ელგუჯა ხოკრიშვილი — დემოკრატიის, გეოპოლიტიკისა და მედეგობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
- შოთა ღვინერია — ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- ვლადიმერ ჩაჩიბაია — თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური 2016-2020წწ და პარლამენტის ყოფილი წევრი 2020-2024წწ.
- თამარ ჩაჩიბაია — ყოფილი დიპლომატი
- ვალერი ჩეჩელაშვილი — საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, BSEC-ის ყოფილი გენერალური მდივანი (2000-2004), ფინანსთა ყოფილი მინისტრი (2005)
- გიორგი ჩხეიძე — ყოფილი დიპლომატი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- შალვა ცისკარაშვილი — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- გიორგი ცხვიტავა-სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში
- ლაშა ძებისაშვილი-საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
- გიორგი წიქარაშვილი— ყოფილი დიპლომატი
- ზვიად ჭუმბურიძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- გიორგი შაიშმელაშვილი — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი
- თეა ჯანაშია — ყოფილი დიპლომატი
- თემურ ჯანჯალია — საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე




