მედია: აზერბაიჯანმა საქართველოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა საქართველოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Aktual.ge საინფორმაციო სააგენტო Report-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიიდან ტრანზიტით მოძრავი აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილების (TIR) მძღოლები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საბაჟო პუნქტებზე არიან შეჩერებული და გადაადგილების ნებართვის მოლოდინში იმყოფებიან. მათი თქმით, მათთვის არ განუმარტავთ, თუ  რა გახდა შეჩერების მიზეზი.

სატვირთო ავტომობილების მძღოლების თქმით, პრობლემები ძირითადად “სარფისა” და “წითელი ხიდის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე თბილისში მდებარე საბაჟო გაფორმების ცენტრში შეიქმნა.

მძღოლები განმარტავენ, რომ ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად მათთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია, თუ რა პროცედურების გავლა ან დამატებითი დოკუმენტების წარდგენაა საჭირო გადაადგილების გასაგრძელებლად.

ისინი ასევე აღნიშნავენ საბაჟოს თანამშრომლების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაზე და აცხადებენ, რომ კითხვებზე პასუხად ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ლოდინისკენ მოუწოდებენ, პრობლემის მიზეზის დაზუსტების გარეშე.

მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ საკითხი კონტროლზეა აყვანილი. საელჩოს განცხადებით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გადაეგზავნა. საკითხის განხილვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მიმდინარეობს.

[საილუსტრაციო ფოტო]