დღეიდან, 2026 წლის 3 აგვისტოდან, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, Deutsche Welle-მ (DW) გახსნა ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური. ჯერ მხოლოდ „ინსტაგრამზე“ – DW Kartuli. მოგვიანებით იგეგმება პროექტის სხვა პლატფორმებზე გაფართოებაც.
DW-ს ქართული სამსახური გააშუქებს „მრავალფეროვან ამბებს საქართველოდან, ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“.
DW-ს ცნობით, იმავე ინიციატივის ფარგლებში საფრანგეთის სახელმწიფო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა France Médias Monde-მა (FMM) სომხურენოვანი, ხოლო პოლონეთის საერთაშორისო მაუწყებელმა TVP World-მა აზერბაიჯანულენოვანი მიმართულებები დააფუძნა.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს ინიციატივა არის „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ (European Information Shield Initiative) ნაწილი, რომელსაც DW და FMM უძღვებიან.
„ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
DW-ის ცნობით, პროექტის მუშაობა საწყის ეტაპზე 18 თვის ვადით არის უზრუნველყოფილი.




