გოჩა მირცხულავა: ცოცხალი ვერ გადაარჩინეს. გარდაცვლილს კი ტაძრის კარი მიუხურეს

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
თუ ეპარქიამ მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარი სწორედ ამ გარემოების გამო თქვა რასაც გარდაცვალების მიზეზად ექიმები ასახელებენ, მაშინ მათი ლოგიკა ასეთია: აბორტი მკვლელობაა, ეს გოგო მკვლელია და ამიტომ ტაძარში არ დავასვენებთ. თითქოს ეკლესიას რეალური მკვლელებისთვის არასოდეს აუგია წესი. თითქოს მკვლელობაში მსჯავრდებულები არ მოუნანიებიათ, არ უზიარებიათ და ეკლესიურად არ დაუკრძალავთ, თან ტაძრიდან პატივით არ გაუსვენებიათ.
თითქოს ქრისტიანობის არსი სწორედ ის არ არის, რომ ცოდვილისთვის მონანიებისა და შენდობის კარი ღია დატოვოს.
აქ კი 26 წლის გარდაცვლილ ქალს, რომელსაც საკუთარი სიტყვის თქმაც აღარ შეუძლია, სიკვდილის შემდეგ გამოუტანეს განაჩენი – „მკვლელი“.
და ეს რეალურად არ არის ეკლესიის საქმე. და ამ განაჩენით სინამდვილეში ვის სჯიან? მის ოჯახს, მამას, დედას, ახლობლებს. ადამიანებს, რომლებიც უკვე შვილისა და ოჯახის წევრის სიკვდილით არიან განადგურებული.
ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმეა პატრიარქ შიოს ქადაგების ფონზე, სადაც აბორტის საკითხი კვლავ უკიდურესად მკაცრი მორალური განაჩენის ფორმით იქნა წარმოდგენილი. თუ ეპარქიამ სწორედ ამ ქადაგების სულისკვეთებით იხელმძღვანელა, მაშინ საქმე უკვე მხოლოდ ერთი ტაძრის წინამძღვრის გადაწყვეტილებასთან აღარ გვაქვს.
ეს ნიშნავს, რომ ქადაგება პრაქტიკულ საეკლესიო პოლიტიკად გადაიქცა:
ჯერ ქალი გამოცხადდა მკვლელად, შემდეგ კი სიკვდილის შემდეგაც ჩამოერთვა ტაძარში დასვენების უფლება. ეს არის პატრიარქ შიოს ქადაგების ყველაზე სასტიკი შესაძლო გაგრძელება – სიტყვიდან კონკრეტული ადამიანის და მისი ოჯახის დასჯაზე გადასვლა.
ეკლესიას არც სასამართლო ჩაუტარებია. არც ქალის მდგომარეობა შეუსწავლია. არც ის იცის, რა გარემოებაში მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური, ოჯახური ან სოციალური მდგომარეობა ჰქონდა. საერთოდ მართლა ისაა მიზეზი რაზეც საუბრობენ თუნდაც დასკვნით? იმდენი არასწორი დასკვნა ვიცით, იმდენი შეცდომა… უბრალოდ გამოუტანეს განაჩენი. ცოცხალი ვერ გადაარჩინეს. გარდაცვლილს კი ტაძრის კარი მიუხურეს.
ვიმეორებ, თუ ეს არის უარის რეალური მიზეზი, ჩემთვის ეს ქრისტიანობა არ არის. ეს არის ძალაუფლების დემონსტრირება ყველაზე დაუცველი ადამიანის – გარდაცვლილისა და მისი ოჯახის – წინაშე. ეს არის სისასტიკე. და დიახ, ეს არის ბოროტება.
ეკლესია, რომელიც შენდობას ქადაგებს, თავად იქცა განკითხვის ინსტიტუტად – თითქოს ღმერთამდე მისასვლელ კარსაც ეპარქია და საპატრიარქი აკონტროლებდეს.
ამიტომ კვლავ ვეკითხები ეპარქიასა და მეუფე გერასიმეს: თუ მკვლელებს აზიარებენ, აძლევენ მონანიების უფლებას და წესს უგებენ, რატომ აღმოჩნდა 26 წლის გარდაცვლილი ქალი მათზე უარესი?
და მეორე კითხვაც: იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პატრიარქ შიოს ქადაგების პრაქტიკული გამოძახილი? (ისე სეფსისი კოღოს ნაკბენმაც შეიძლება გამოიწვიოს – ეს იცით?) თუ პასუხი დადებითია, მაშინ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეკლესია სიტყვიერი მორალური განაჩენიდან უკვე გარდაცვლილი ქალებისა და მათი ოჯახების რეალურ დასჯაზე გადავიდა.
სხვა უამრავი არგუმენტი მაქვს, რომელსაც ახლა არ დავწერ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე – შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს, გარემოსდაცვითი შეფასება უნდა დაიწყოს – არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ, იგივე იყო ვერეს ხეობაში, მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ და ვერ გავიგეთ