„შენ აქ მოსკოვი ხომ არ გგონია“ – რუსი ელჩი არ გააკარეს ივერიის ღვთისმშობლის ხატს!

„შენ აქ მოსკოვი ხომ არ გგონია“ – რუსი ელჩი არ გააკარეს ივერიის ღვთისმშობლის ხატს!
პორტალი „ბელსატი“ იუწყება: გასულ კვირას, სოფიის წმიდა კვირიაკიას ეკლესიაში თაყვანსაცემად დასვენებული იყო ივერიის ღვთისმშობლის ჰავაის მირონმდინარე ხატი. ლიტურგიაზე მობრძანდა დაუპატიჟებელი სტუმარი – რუსეთის ელჩი ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვა. მის მოსვლისთანავე მრევლში გაისმა წამოძახილები: „შენ აქ მოსკოვი ხომ არ გგონია“? პატრიარქი დანიელი იძულებული გახდა, შეემოკლებინა ღვთისმსახურება.
აქამდე ყველაფერი გასაგებია – ღვთისმგმობელ და აგრესორ რუს პოლიტიკოსებს არაფერი ესაქმებათ ბულგარულ ეკლესიაში. ოღონდ ჩვენთვის, ქართველებისთვის არის ერთი საკითხი გასარკვევი:
ივერიის ღვთისმშობლის ჰავაის მირონმდინარე ხატი – მონრეალის მირონმდინარე ხატის ბეჭდური ასლია, რომელსაც მირონი სდის 2007 წლიდან. ხატს დააბრძანებენ ჰავაის ქალაქ ჰონოლულუს ღვთისმორწმუნე ოჯახიდან. მირონი ვარდის მძაფრ არომატს გამოსცემს. ხატს მოვლილი აქვს ამერიკის და ევროპის მრავალი ქვეყანა – აღწერილია რწმენაში განმტკიცებისა და სნეულებათაგან განკურნების მრავალი შემთხვევა.
ორ ათეულ საუკუნეების შესაყარზე ივერიის ღვთისმშობელმა ქართველ სამღვდელოებას აღუთქვა მფარველობა და თანადგომა აწმყოსა და მომავალ ცხოვრებაში, მაგრამ დღევანდელი უსასოო და უარსებო ქართული ეკლესია გაბედავს კი ოდესმე ამ სიწმინდის მოხმობას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში?
სურათებზე: ივერიის ღვთისმშობლის ჰავაის მირონმდინარე ხატი
რუსეთის ელჩი ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვა