გოჩა მირცხულავა: როგორ ფიქრობთ, 2008 წელს რუსეთს საქართველოს სრული ოკუპაცია რომ მოეხდინა, რა მოხდებოდა? გგონიათ, ქვეყნის პირველი პირი აუცილებლად ვორონცოვი, ვოლკოვი, ივანოვი ან პეტროვი იქნებოდა?

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
როგორ ფიქრობთ, 2008 წელს რუსეთს საქართველოს სრული ოკუპაცია რომ მოეხდინა, რა მოხდებოდა? გგონიათ, ქვეყნის პირველი პირი აუცილებლად ვორონცოვი, ვოლკოვი, ივანოვი ან პეტროვი იქნებოდა? გგონიათ, არჩევნები აღარ ჩატარდებოდა? ან რუსეთის დროშა გახდებოდა „სახელმწიფო“ დროშა?
არა.
ასე მხოლოდ იდიოტებს შეუძლიათ იფიქრონ.
რუსული ჯარი, დიახ, იდგებოდა ყაზარმებში. დანარჩენი კი თითქმის ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორიც ახლაა.
ეკონომიკა იმუშავებდა რუსეთისთვის – ახლაც ასე მუშაობს: ენერგეტიკა, კრიპტო, სასტუმრო და დეველოპერული ბიზნესი, ტურიზმი, კვების ბიზნესი და სხვა მრავალი სფერო. ეკონომიკა ასევე იმუშავებდა მმართველი ელიტისთვისაც – ახლაც ასე მუშაობს.
კულტურა? კულტურა ან დუმს, ან მაამებლობს.
ჰო,„მონანიებაც“ საბჭოთა პერიოდში გადაიღეს. ბევრი სხვა რამეც დაიწერა და ითქვა. ოკუპაცია ყოველთვის სრულ დუმილს არ ნიშნავს. რეჟიმები ზოგჯერ იმდენ თავისუფლებას ტოვებენ, რამდენიც მათ არსებობას საფრთხეს არ უქმნის და გარედან ნორმალურობის ილუზიას ქმნის. მით უფრო, თუ სულიერი ლიდერიც… სულიერი…. ვაი, ლიდერი – ვუი… მაგრამ მაინც – სულიერი ლიდერი – “დანიშნული” გყავს….
ამიტომ ვერ ვხვდები, ნეტა რითი იმშვიდებთ თავს.
მუშტით? თუმცა ეგ მუშტიც ცალკე თემაა – განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გამარჯვება სხვისი ხელით უნდა.
ახლა რა არის მთავარი? მთავარია, აღიაროთ, რომ ოკუპაციას ყოველთვის უცხო გვარის მმართველი, გაუქმებული არჩევნები და კრემლის დროშა არ სჭირდება.
თუ დაფიქრდებით მიხვდებით, რომ ოკუპაციისთვის საკმარისია: ქვეყნის ეკონომიკა სხვის ინტერესებზე მუშაობდეს; მმართველი ელიტა საკუთარ გამდიდრებას ემსახურებოდეს; სახელმწიფოს საგარეო კურსს სხვა ქვეყანა განსაზღვრავდეს; კულტურა დუმდეს ან მაამებლობდეს; საზოგადოება კი თავისუფლების ნაცვლად ყოველდღიური ყოფის წვრილმანებზე კამათობდეს.
ქართველების უმეტესობა კიტრისა და პომიდვრის სალათასაც რატომღაც ერთი კიტრითა და ორი პომიდვრით ამზადებს. მთავარია, ძმრით თუ ზეთით… თუმცა, რასაც ვხედავ, ხალხს უფრო ზეთით მოსწონს – ადვილად ინელებენ…
ჰო, ოკუპაცია მხოლოდ ტანკი არ არის.
ოკუპაციაა ისიც, როცა ქვეყნის ფორმალური ნიშნები შენარჩუნებულია, მაგრამ მისი ნება, ეკონომიკა, პოლიტიკური არჩევანი და მომავალი – აღარ ეკუთვნის საკუთარ ხალხს. ან უბრალოდ ჰამლეტის არ იყოს – კიტრი თუ კიტრი – საკითხავი აი ეს არის….

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ