ივანიშვილი პუტინის მსგავსად გამოიყურება – ამერიკელი დიპლომატების მწვავე კრიტიკა “ოცნებას” (ვიდეო)

ავტორიტარული რეჟიმი, ერთპარტიული მმართველობა, პუტინის მოდელის მიბაძვა – ამ შეფასებებით აღწერენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი. Just Security-ში გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში ისინი წერენ, რომ, მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება სულ უფრო ემსგავსება რუსულ მმართველობის მოდელს, ხოლო „ქართული ოცნება“ იმ ნაბიჯებს იმეორებს, რომლითაც ვლადიმირ პუტინმა ძალაუფლება ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა.

სტატიის ავტორები საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ოპოზიციის მიმართ ზეწოლასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. იან კელი და დევიდ კრამერი შეერთებული შტატების ხელისუფლებას მოუწოდებენ, განიხილოს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც, მათი შეფასებით, დემოკრატიული პროცესების შესუსტებაში მონაწილეობენ, მათ შორის მოსამართლეებისა და პროკურორების მიმართ. ევროკავშირის ლიდერებს კი მოუწოდებენ, გააძლიერონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხიც განიხილონ.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შესახებ ვრცელი ანალიტიკური სტატია იან კელიმ და დევიდ კრამერმა Just Security-ში გამოაქვეყნეს. იან კელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო, ხოლო დევიდ კრამერი სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილეა. ავტორები წერენ, რომ დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური რეაგირება აუცილებელია, რათა, მათი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს.