საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) გუშინ 30 ივლისს, 2026 წლის 24 ივლისს მომხდარ სასისტემო ავარიასთან დაკავშირებით საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასება მოისმინა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით 2026 წლის 24 ივლისს, საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით.
“დაახლოებით 00 საათსა, 10 წუთზე და 49 წამზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა”, – ითქვა საზოგადოებრივი მაუწყელბლის ცნობით სემეკის 30 ივლისის სხოდმაზე.
ამ “მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.
სემეკის სამუშაო ჯგუფის წევრის თორნიკე აფრიაშვილის განცხადებით, რომელიც სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორია
„აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, დღეის მდგომარეობით და სსეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.
მისი განმარტებით:
“საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის”
თორნიკე აფრიაშვილის განცხადებით ეს საკითხი ორი მიმართულებით გამოკვლევას საჭიროებს
- კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან
- საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობა
სემეკი ჯერჯერობოთ, ელექტროენერგიის მხოლოდ 24 ივლისს გათიშვის მიზეზების პირველად შედეგებს აქვეყნებს. რამდენიმე საათით დენი გათიშული მომდევნო დღეს – 25 ივლისსაც იყო.
“ენერგო პრო ჯორჯიას” გამოხმაურება – “არასერიუზულია”
სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველად შეფასებას გამოეხმაურა ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე. სააგენტო ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ცნობით, ბოცვაძემ განაცხადა, რომ თავს ვალდებულად თვლის ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს.
მას “არასერიოზულად” მიაჩნია დაშვებაც, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცალკე აღებულმა ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა.
„იმის გათვალისწინებით, რომ გასულ კვირას მომხდარი ქვეყნის ელექტრომომარაგების სრული შეწყვეტის თუნდაც ერთ-ერთ მიზეზად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი 110 კილოვოლტიანი ხაზი „გეგუთი“ გაჟღერდა, თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო კომენტარი.
ცალსახაა, რომ გამანაწილებელი კომპანიის რომელიმე ხაზის გათიშვამ, ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის გადაყვანა ავტონომიურ რეჟიმში, მეზობელ ქვეყანასთან არსებული, პარალელური რეჟიმიდან ჩახსნა და ქვეყნის სრული გათიშვა, – ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.
მისი სიტყვებით, კომპანიამ კუთვნილ მაღალი ძაბვის ხაზებზე ყოველწლიურად ასობით გათიშვაც კი შეიძლება დაფიქსიროს – გასული 18 თვის განმავლობაში, იმავე რეგიონში არსებული ხაზები 11- ჯერ გაითიშა, თუმცა ამას, “არ გამოუწვევია 11 ე.წ. ბლექაუთი და არც უნდა გამოეწვია“.
„32 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ორი „ბლექაუთი“, თუმცა მეორე შემთხვევაში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზი ვერსიადაც კი არ სახელდება. ალბათ, სასურველია ამ ორივე შემთხვევის ერთად განხილვა და დადგენა იმ მიზეზების, რაც ორივე შემთხვევაში მეორდება. ვფიქრობ, სწორედ ეს გამაერთიანებელი გარემოებები განსაზღვრავს შეფერხების რეალურ მიზეზებს”, – ამბობს მიხეილ ბოცვაძე.
მისი სიტყვებით “რეალური ვერსიის დიდი ნაწილი გამოკვეთილია”, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ “ვინმესკენ ხელს გავიშვერთ, პირიქით, ამ რთულ ვითარებაში, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დარგში მოღვაწე ყველა პატიოსან პროფესიონალს, სწორედ მათი შრომით მიიღწევა ის მომსახურების ხარისხი, რაც არსებობს, მიუხედავად არცთუ სახარბიელო ინფრასტრუქტურისა“- აცხადებს ბოცვაძე.
მას მნიშვნელოვნად მიაჩნია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა მსგავსი კიდევ არ განმეორდეს.
„რაც შეეხება უკვე მომხდარს, დაველოდებით მოკვლევებს, კომისიის დასკვნას თუ გამოძიების შედეგებს, რამაც საბოლოოდ პასუხები უნდა გასცეს ყველა დასმულ კითხვას“, – აცხადებს მიხეილ ბოცვაძე.




