ადვოკატი – უფრო კარგი დრო რომ იყოს, ეს საქმე არ არის განსჯადი, მაგრამ ჩვენ ხომ კურიოზების ქვეყანა ვართ?! რაღაცას შევთითხნით, კუდებს ვაბამთ და გვინდა, რაღაც გამოვიყვანოთ – არავინ ადასტურებს, რომ კილაძეს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდა ბრალდებაში მითითებულ პირებთან

უფრო კარგი დრო რომ იყოს, ეს საქმეც არ არის განსჯადი, მაგრამ ჩვენ ხომ კურიოზების ქვეყანა ვართ, რაღაცას შევთითხნით, მერე კუდებს ვაბამთ და მერე გვინდა იქიდან რაღაც გამოვიყვანოთ, – ამის შესახებ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

როგორც გელბახიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საქმეში ელისო კილაძის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვთ.

„ირიბი მოწმე დაიკითხა. სამართლებრივად, თუ ირიბი მოწმე ვერ ასახელებს იმ წყაროს, რის შესახებაც საუბრობს, ითვლება, რომ ამას არავითარი მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ აქვს. უკვე 6 მოწმე დავკითხეთ, ბრალდების მტკიცებულებას არ უკავშირდება, არ ვიცი რა ღირებულება აქვს პროკურატურისთვის ასეთი მოწმეების მოწვევას სასამართლოში. ელისო კილაძეს ყველა იცნობს, იმას, რომ ელისო კილაძეს ოფისი ჰქონდა მესამე სართულზე, ყველა ადასტურებს, მაგრამ იმას, რომ ელისო კილაძეს რამე დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდა რომელიმე მონაწილე პირთაგან, რაც ბრალდებაშია მითითებული, არავინ ადასტურებს… მე-5 სართულზე სამზარეულო იყო, ამიტომ იმ მე-5 სართულზე ყველას ნახავდით, ვინც კი საჭმელს ჭამდა, ან შესვენებაზე ყავას სვამდა. 10-სართულიან შენობაში, სადაც ერთი სართული მიკავია, მნახავ, აბა რა იქნება? ეს არ არის ისეთი რამე, ნახვა-არნახვა რამეს ამტკიცებდეს. უფრო კარგი დრო რომ იყოს, ეს მტკიცებულება არ არის და ეს საქმეც არ არის განსჯადი, მაგრამ ჩვენ ხომ კურიოზების ქვეყანა ვართ, რაღაცას შევთითხნით, მერე კუდებს ვაბამთ და მერე გვინდა იქიდან რაღაც გამოვიყვანოთ. ეს პროცესი ღია რომ იყოს, მე კომენტარი არ დამჭირდებოდა, იმდენად გაშარჟებული სიტუაციაა, რადგან დაიხურა, არაფრისგანაა ჭიქაში ქარიშხალი ატეხილი. 6 მოწმე დაიკითხა, 6-ვე ირიბი მოწმეა“, – განაცხადა გელბახიანმა.

ცნობისთვის, ელისო კილაძე ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზეა დაკავებული. მასთან ერთად საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული, მათ შორის, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. ელისო კილაძეს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელისო კილაძის საქმე სხვა პირებისგან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.