ირაკლი ქადაგიშვილი – აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას

ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და აღნიშნულია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ბილწსიტყვაობა გახდეს ჩვენს საზოგადოებაზე ზემოქმედების, მისი დაშლის, დათრგუნვისა და დემორალიზაციის იარაღი.

„საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ბილწსიტყვაობა გახდეს ჩვენს საზოგადოებაზე ზემოქმედების, მისი დაშლის, დათრგუნვისა და დემორალიზაციის იარაღი. რატომ არის გინება აკრძალული? იმიტომ, რომ როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აგინებს, ეს იწვევს დემორალიზაციას, ბულინგსა და ფსიქოლოგიურ განადგურებას. აქედან გამომდინარე, ბილწსიტყვაობა, გინება და დემორალიზაცია სოციალურ ქსელებში არის ანალოგიური, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის შეტევა ადამიანზე და საზოგადოებაზე. ამიტომ ამ ბილწსიტყვაობას ვერ ექნება გასაქანი.

რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერები, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით ბილწსიტყვაობის წინააღმდეგნი.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, რადგან ჩვენთან მედიათავისუფლება საკმაოდ განვითარებული და დაცულია. დღევანდელ ამერიკის ვითარებასთან დაკავშირებით შეიძლება ბევრი საინტერესო პარალელიც კი გავავლოთ, რადგან ჩვენ ამერიკასთან სრულიად სხვა, პოზიტიური დღის წესრიგის განვითარება გვსურს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენასა თუ შეურაცხყოფას შორის, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ ბილწსიტყვაობას არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს თავისუფლებასთან.

„წარმოიდგინეთ, მე რომ თქვენი კითხვა ან რეპორტაჟი არ მომეწონოს და უხეში, ბილწი სიტყვებით მოგმართოთ და შევაფასო თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა – რა ვიქნები მე? თავისუფალი სიტყვისა და აზრის გამომხატველი ვიქნები თუ ჩვეულებრივი მოძალადე?

ბილწსიტყვაობას არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს თავისუფლებასთან! ჩვენ გვეუბნებიან, რომ ის, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებასა, ცხოვრების ნორმად გახადეთო. ყველა ნორმალური საზოგადოება, ამერიკა იქნება ეს თუ ევროპა, ამას შეძლებისდაგვარად ებრძვის. ზღვარი გადის სწორედ აქ – საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ გახდეს ბილწი სიტყვის ტყვეობის ქვეშ, რადგან ბილწსიტყვაობა ანგრევს ადამიანის ფსიქიკას – მთქმელისას, გამგონისა და მიმღებისას. ეს კი, რა თქმა უნდა, მთელ საზოგადოებაზე გადადის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, მიუძღვით თუ არა წვლილი ამ სიძულვილის ენაში პოლიტიკოსებს, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება – პოლიტიკოსსაც, მედიის წარმომადგენელსაც, რიგით ადამიანსაც და ა.შ.

„გეთანხმებით, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება – პოლიტიკოსსაც, მედიის წარმომადგენელსაც, რიგით ადამიანსაც და ა.შ. არ მინდა ვთქვა, რომ ეს პასუხისმგებლობა ვიღაცას ეკუთვნის და ვიღაცას არა. ყველას ეკუთვნის. უბრალოდ, თუ ახლა მივყვებით იმ ლოგიკას, რომ რაკი პოლიტიკოსმაც შეიძლება უწმაწური ლექსიკა გამოიყენოს, ამიტომ ეს დაშვებულია – ეს არ არის სწორი მიდგომა. არავისთვის, დაწყებული პოლიტიკოსიდან, დამთავრებული რიგითი ადამიანით, ვისაც სურს თავისი აზრი გამოხატოს საზოგადოებრივ თუ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მისაღები არ უნდა იყოს ბილწსიტყვაობა.

ბილწსიტყვაობა არის ბოროტი ენა. თუ ჩვენ ამ ბოროტ ენას მივყვებით, ძალიან ცუდ შედეგამდე მივა მთელი საზოგადოება.

ის, რომ ან მე, ან ვიღაც სხვა საჯარო სივრცეში წყობიდან გამოვსულვართ და ცუდი სიტყვა გვითქვამს – ხომ ხედავთ, როგორ ცუდია? ეს არავის მოსწონს, მათ შორის არც იმ სიტყვის მთქმელს. მაგრამ ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ეს კი არ უნდა წახალისდეს, ნორმად კი არ უნდა იქცეს და ტაში კი არ უნდა დავუკრათ, არამედ ეს უნდა იყოს დაგმობილი და საზოგადოებრივი ურთიერთობებიდან ამოღებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაპატიმრებასა და ახლად შექმნილ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „შეშფოთებულია ამ სამმართველოს შექმნით.“

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, – განუცხადეს საელჩოში „რადიო თავისუფლებას“.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!