ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროს ახალი ბანკნოტების დიზაინის 10 ფინალისტი წარადგინა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ევროს ახალი სერიის ბანკნოტების დიზაინის 10 ფინალური ვარიანტი წარადგინა. ეს იქნება ევროს პირველი სრულმასშტაბიანი დიზაინის განახლება მას შემდეგ, რაც ვალუტა 2002 წელს ნაღდი ფულის სახით მიმოქცევაში შევიდა.

ახალი ბანკნოტებისთვის ორი თემატური კონცეფციაა შემუშავებული. პირველი, „ევროპული კულტურა“, ევროპის ხელოვნების, მეცნიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეულ წარმომადგენლებს ეძღვნება. მეორე კონცეფცია, „მდინარეები და ფრინველები“, კონტინენტის ბუნებრივ მრავალფეროვნებასა და ევროპული ქვეყნების ერთიანობის იდეას ასახავს.

21 სექტემბრამდე ევროპის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება საზოგადოებრივ გამოკითხვაში მონაწილეობით სასურველი დიზაინი შეარჩიოს.

ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭო ახალი ბანკნოტების საბოლოო დიზაინის დამტკიცებას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შემდეგ პროექტი წარმოებისთვის საჭირო ტექნიკურ და უსაფრთხოების შემოწმების ეტაპებს გაივლის.

ახალი სერიის ბანკნოტები მიმოქცევაში რამდენიმე წლის შემდეგ შევა. ამასთან, მოქმედი ევროს ბანკნოტები კანონიერი გადახდის საშუალების სტატუსს შეინარჩუნებს და ახალი სერიის პარალელურად გაგრძელდება მათი გამოყენება.