ხვიჩა ყალაბეგაშვილი: ეს ამბავი იქცა რელიგიად და მოვიდა ჩვენამდე, როგორც სწავლება, რომ ,,ადამიანზე დიდი და მნიშვნელოვანი ფასეულობა არ არსებობს”

მწერალი და გამომცემლობა “კალმოსანის” დირექტორი ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
20 საუკუნის წინ, გაგანია რომის ჰეგემონიის და რელიგიური ფანატიზმის ეპიცენტრში, ერთი კაცი მარტო მიადგა იმპერიას და ეკლესიას, ერთად – იმის სათქმელად, რომ ,,ადამიანზე დიდი და მნიშვნელოვანი ფასეულობა, არ არსებობსო.”
მერე, ეს კაცი გააზრებულად წავიდა უმძიმეს მსხვერპლზე, თავი გასწირა, საკუთარი სიცოცხლე ჯვარზე აიტანა და აღესრულა იმის სადემონსტრაციოთ, რომ ,,ადამიანზე დიდი და მნიშვნელოვანი ფასეულობა არ არსებობსო.”
ამ კაცის ვინც დაიჯერა, ყველამ იგივე გზა გაიარა – ტკივილის, დამცირების და სიკვდილის, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ,,ადამიანზე დიდი და მნიშვნელოვანი ფასეულობა არ არსებობსო.”
ეს ამბავი იქცა რელიგიად და მოვიდა ჩვენამდე, როგორც სწავლება, რომ ,,ადამიანზე დიდი და მნიშვნელოვანი ფასეულობა არ არსებობს.”
ერმა, რომელსაც ჰქონდა მრავალათასწლიანი ცივილიზაცია, პორველად გადაწყვიტა მოეგონებინა დამწერლობა, რადგან განევრცო ქრისტეს ფილოსოფია, რომ ,,ადამიანზე დიდი და მნიშვნელოვანი ფასეულობა არ არსებობს.”
ამ იდეის გასავრცელებლად შექმნილი დამწერლობა, თავისი მზისა და მთვარის კალენდრით, ნუმეროლოგიით, სილამაზით და იშვიათობით, იქცა უნიკალურ და გამორჩეულ თავისებურებად.
მეორე ათასწლეულია, ერი გააზრებულად და ზოგჯერ გაუაზრებლად იცავს და ეწირება იდეას, რომ ,,ადამიანზე დიდი და მნიშვნელოვანი ფასეულობა არ არსებობს.”
ამ იდეიზე ექსკლუზივი აქვს აღებული რელიგიურ ორგანიზაციას, აუარება ადამიანური, უძრავ-მოძრავი და ფინანსური კაპიტალით.
ყველა, ვინც თავს მოიაზრებს ქრისტიანად, უნდა ცდილობდეს ქრისტიანობის ერთადერთი ფილოსოფიის გავრცობას, რომ ,,ადამიანზე დიდი და მნიშვნელოვანი ფასეულობა არ არსებობს.”
ამ დროს, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს უჩნდება აზრი, რომ შეიძლება არსებობდეს რაიმე ისეთი ფასეულობა, რის გამოც ადამიანის დასახიჩრება შეიძლება იყოს ნორმა და მათი მხრიდან ვისაც ექსკლუზივი აქვს ქრისტიანიბაზე, არ ისმის შემხვედრი და კატეგორიული პასუხი, რომ ,,ადამიანზე დიდი და მნიშვნელოვანი ფასეულობა არ არსებობს.” და კი, ასეთ დროს დუმილი, ერთმნიშველოვნად ქრისტეს გზის უარყოფაა…
გავწიოთ გვერდზე, რელიგიური და სეკულარული მიზანშეუწონლობა იმ რეალობის, სადაც რაიმე ფასეულობის გამო ადამიანის დასჯა შეიძლება.
ქართველების გარკვეულმა ნაწილმა, 1921 წელს ჩათვალა, რომ არსებობდა რაღაც ისეთი ფასეულობა, რაც ადამიანზე მნიშვნელოვანი იყო და მოხდა ქვეყნის ანექსია… დაახლოებით 10-15 წელში, ყველა ის ქართველი, ანუ ყველა მოწინავე ბოლშევიკი, ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში ადამიანზე უფრო ფასეული რამ გამყარებულიყო ან დახვრეტეს, ან გადაასახლეს… 20 წლის თავზე აღარ იყო არც ერთი ცოცხალი და თავისუფალი ადამიანი, ბოლშევიკი, ვინც იბრძოლა იმისთვის, რომ არსებობს ადამიანზე უფრო დიდი ფასეილობა – არ არსებობს მონსტრი, რომელიც შემქმნელს არ ჭამს და ზოგჯერ უფრო ადრე, ვიდრე მათ, ვის შესაჭმელადაც შექმნეს.
ასე 25 წლის წინ, კვლავ ჩათვალა მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა, რომ არსებობს, უფრო დიდი ფასეილობა, ვიდრე ადამიანი და აისხა იარაღი… ამ ქაოტურ და სისხლიან ჯოჯიხეთში, დასამახსოვრებელია არა ხელოვანების, ან პროფესორების, ან რელიგიური იერარქების სიტყვები არქივიდან, არამედ კრიმინალური ავტორიტეტის ჩანაწერი ,,მე არ მინდა, რომ ტყვია გავარდეს, რადგან ტყვია თუ გავარდა კუბოებს ვეღარ დაითვლით.”
არის ასეთი საშინელი პარადიგმა – შურისძიები ისეთი მოსამართლეა, რომელიც განაჩენის სიმძიმეში არ ცდება.
არი ხალხი, ვისაც უნახავს ოთხმოცდაათიანებში გრძელი თმების გამო შეყენებულმა პანკმა, როგორ გაფატრა ხუთი თმის სიგრძის კონტროლიორი.
3-4 ლაგერ გამოვლილი კაციჭამიები, ისეთ არიფებს გაუსტუმრებიათ იმ ქვეყნად, ბუზისთვის რომ არ აუქნევიათ ხელი.
არავის ვუსურვებ, დადგეს იმ ფაქტის წინაშე, თვითონ, ან მისი ახლობელი – როცა იარსებებს, რაიმე ფასეულობა, რაც მასზე/ადამიანზე ფასეული იქნება.
როგორც კი ადამიანზე უფრო ფასეული რამ შემოდის სამოქალაქო ცხოვრებაში, სამოქალაქო ცხოვრება წყვეტს არსებობას და ყველა მოქალაქე, აბსოლუტურად ყველა რჩება ხორცის საკეპი მონსტრის პირისპირ, რომელსაც თვალები არ აქვს და ვერ არჩევს მსხვერპლს – პარტიული, გენდერული, ასაკობრივი, ფინანსური, თუ თანამდებობრივი ნიშნით.