თორნიკე ფაღავა: ყულევში არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ ხდება

ყულევში არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ ხდება. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი. თუ ყულევში რამე კანონსაწინააღმდეგო ხდება, უნდა დასანქცირდეს დღესვე და 6 თვეში სანქციის ამოქმედება სამართლებრივი თვალსაზრისით ნონსენსია, – ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებას.

თორნიკე ფაღავა ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.

მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური სარჩული.

„მაშინ, როდესაც საქართველოს ედავებიან ეჭვისა და აღქმების დონეზე, რომ თითქოს ყულევში რაღაც არამართებულად ხდება, ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდნენ ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორები იმ პროდუქტებისა, რომლებსაც ისინი ტრადიციულად არ აწარმოებენ. ანუ უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნები იმ პროდუქტებს ყიდიან რუსეთში, რომელსაც ისინი არ აწარმოებენ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რეექსპორტს ეწევიან. მსგავს კონტექსტში მოუბრუნდე ქვეყანას, რომელიც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ამ შემთხვევაში საქართველოს ვგულისხმობ, რომ არანაირ სანქციების გვერდის ავლას არ ახდენს, ეს როგორც მინიმუმ არის არაგულწრფელი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი.

რაც შეეხება ამ სანქცირების პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტს, სამართლებრივი თვალსაზრისით არის ნონსენსი იქიდან გამომდინარე, რომ თუ ყულევში რამე კანონსაწინააღმდეგო ხდება უნდა დასანქცირდეს დღესვე და 6 თვეში ამოქმედება ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია და სამართლებრივი თვალსაზრისით ნონსენსია. თუ მომავალში მოხდება რამე, მაშინ უნდა დაასანქცირონ, როდესაც მოხდება. სამართლებრივი თვალსაზრისით პრევენციულად სანქციის გამოყენება უბრალოდ აბსურდია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი. რადიკალური მომაკვდავი ოპოზიციისთვის ეს გარკვეული დღის წესრიგის შექმნის და ხელოვნურ სუნთქვაზე დაერთების მცდელობაა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან პირნათელი, ჩვენ ვართ ჩვენს პარტნიორებთან პირნათელი და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყულევში არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ ხდება და ყველაფერი კეთდება ისე, როგორც არის საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი.

ის ფაქტი, რომ სასანქციო პაკეტი ამოქმედდება 6 თვის შემდეგ, მეტყველებს თავად სანქციების იდეის ავტორზე და არა ყულევის ტერმინალზე“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.