2023 წელს გადაზიდვებზე მოთხოვნა 500%-ით გაიზარდა – Ibex Logistics

„შუა დერეფნის” გაზრდილი ფუნქცია გადამზიდავი კომპანიების საქმიანობაზეც ადეკვატურად აისახება. როგორც Ibex Logistics-ის დირექტორი ლევან თათარაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 2023 წელს გადაზიდვებზე 500%-ით გაზრდილი მოთხოვნა ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი წელს კიდევ უფრო გაიზრდება.
ახლა მთავარი გამოწვევა ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. განსაკუთრებით სარკინიგზო ხაზის მოდერნიზება, რაზეც ბიზნესი დიდ იმედს ამყარებს.
„დინამიკას ვაკვირდებით, “შუა დერეფნის” როლი გაიზარდა და ცხადია, ეს შესაბამისად, აისახება ჩვენს საქმიანობაზეც. ახლა მთავარია ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. ველოდებით, დალაგდეს ეს სიტუაცია, რკინიგზის მოდერნიზება იგეგმება, რაც პროცესს საგრძნობლად გაამარტივებს, ჯერჯერობით კი გარკვეული შეფერხებები არის. ჩვენს შემთხვევაში, ყოველი 100 მოთხოვნიდან შეიძლება 10 შესრულდეს, ტვირთების სეგმენტაციას ვერ მოვახდენ, ასეა ყველა მიმართულებით. ამ დროს გადაზიდვებთან დაკავშირებით საქართველოზე არნახულად მაღალი მოთხოვნაა. ზუსტად ვერავინ იტყვის, რა მოცულობებზეა საუბარი. თუმცა ყველა კომპანიისთვის ინდივიდუალურია. ჩვენს შემთხვევაში მოთხოვნა 500 %-მდე გაგვეზარდა“, – აცხადებს ლევან თათარაშვილი.
გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი დიდ იმედს ამყარებს სამომავლოდ დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის, ანაკლიის პორტზე, რომელიც მკვეთრად შეცვლის არსებულ რეალობას.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული დაბრკოლება, შუა დერეფანი თავის დიდ როლს მაინც ასრულებს და საქართველო ამ პროცესის მონაწილეა. გეოგრაფიულმა მდგომარეობამ ჩვენი როლის გაძლიერება განაპირობა. ლოგისტიკა გადალაგდა და საქართველო აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული. ანაკლიის პორტის პროექტი თუ განხორციელდება, გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ტვირთნაკადები, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, მინიმუმ, 150 %-ით გაიზარდოს”, – აცხადებს ლევან თათარაშვილი.
„შუა დერეფანი” 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს , რუმინეთი და პოლონეთი შეუერთდნენ. ამჟამად მარშრუტი იწყება ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე ევროპისკენ.
რაც შეეხება Ibex Logistics -ს გადამზიდავი კომპანია 2017 წელს დაარსდა თბილისში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საერთაშორისო საექსპედიტორო და ლოგისტიკური სერვისების სრულ სპექტრს მთელ მსოფლიოში.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ