მწერალი ლაშა ბუღაძე:
თითქოს ეს დეტალია და იქნებ არც უნდა მიეცეს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა, მაგრამ სინამდვილეში უდიდესი პრობლემაა. ვხედავ, როგორ უწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ნაგავს” რეჟიმის კრიტიკოს ჟურნალისტს და ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რადგან მერე მე აღმოვჩნდები სამიზნე და ამის თავი კი არ მაქვს, არც დრო… არადა, რა არის ეს? ეს რა უბედურებაა! რატომ გახდა ეს ნორმა? შეიძლება ეს ჩემი პრობლემაც კია, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ქოცისთვისაც კი არ მიწოდებია “ნაგავი”, რადგან ენობრივი ძალადობაც სწორედ ქოცებმა აქციეს ნორმად და აგერ ეს პოლიტიკოსიც (თუ რაც არის) ამ ჟანრშია ტრადიციულად. არა, აქ ეთიკაზე არ ვწერ, არამედ იმ ჩიხზე და მარაზმზე, რაშიც ვართ და არა და არ ვაღიარებთ: რომ ეს ვერ იქნება ალტერნატივა და ეს პრობლემაა! მე, ან სხვებმა უნდა ვარწმუნოთ ხალხი, რომ ქოცი შეცვალოს ამათნაირთა სასარგებლოდ და სინამდვილეში კი მე თვითონ საგონებელში ვიყო ამათ შემხედვარე: მე ხომ მინახავს ესენი ხელისუფლებაში, მე ხომ მახსოვს, რა არაადეკვატურებიც იყვნენ ხშირად და რამდენი უბედურება მოვიწიეთ მათ შორის ამათი ლაყე ეგოცენტრულობის და უგრძნობლობის გამოც, და აი, ახლაც – ოპოზიციაში მყოფი რომ ასე ჯეგავს, ქოცურად სწორედ (!) და ერჩის ამ შემთხვევაში თუნდაც ჟურნალისტს, მერე რაღას იზამს, როცა ისევ ხელისუფლებაში მოვა? მერე ჟურნალისტობასაც ხომ არ აუკრძალავს ამ “ნაგავს”? იქნებ დააჭერინოს კიდეც? რატომაც არა?! და – გინდა ქუჩაში, გინდა სოფელში, ან სადაც გნებავთ – უცნობი ადამიანის შეკითხვაზე: “ვინ? ვის გავყვე?” – ამ ადამიანის შეკითხვაზევე უნდა გავბრაზდე, თავიც მოვიტყუო და ვიქადაგო, რომ მთავარი დემოკრატიის გადარჩენაა და “ვინ” კი მეორე ხარისხოვანია, მთავარია, ქოცი წავიდეს… არადა არაა ასე! “ვინ” არის მნიშვნელოვანი… სუბიექტი!.. ვისით ანაცვლებ!.. და ამაზე პასუხი არ მაქვს… მხოლოდ ინტელექტუალური აბსტრაქცია პასუხის მაგიერ საქართველოს გადარჩენის შესახებ… რეალურად კი არ მინდა ის ხალხი ხელისუფლებაში, ვინც ჟურნალისტს უსინდისოდ, ქოცების სასარგებლოდ უწოდებს “ნაგავს” (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ), და ვინც გვინახავს, რა იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც!.. გვინახავს, ჰო!.. ამიტომ არის ქოცური სტატუს-კვოც ამდენი წელია და ამიტომ ხდება ხალხის დიდი ნაწილიც ინერტული და ხელჩაქნეული, რომ პასუხზე “ვინ”, იღებს ეგომანიაკთა მთელ კოლექციას, რომელთა მიმართ აქვს შიში და უნდობლობა… არ უნდათ ესენი ხელისუფლებაში! არც ქოცი უნდათ, მაგრამ არც ასეთები!.. აი, ესაა რეალობა და, მოდი, ვეჩხუბოთ ახლა რეალობას! სუბიექტი არ გყვავს, და ვინც გვყავს – აი, ასეთებიცაა… ამიტომაც დგას-თქო ქოციც, რადგან სწორედაც ნაგავს ვერ შეცვლი ნაგვით! ნაგავი ნაგვით არ იცვლება.




