კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგო ემსხვერპლა

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 19 წლის გოგო დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იმ ავტომანქანის მძღოლმა, სადაც გოგონა იჯდა, მართვა ვერ უზრუნველყო, რის გამოც, სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწის გორაკს შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.