არასამთავრობო ორგანიზაციები: უარესდება ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულთა უფლებრივი მდგომარეობა

ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ჯანდაცვის ექსპერტები და საზოგადოებრივი გაერთიანებები აცხადებენ, რომ ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის (ოჩთ) მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები არსებითად აუარესებს პროგრამაში ჩართულ პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობას.
ორგანიზაციების შეფასებით, ცვლილება იმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს, ვისაც შესაძლოა, ჯანდაცვის ადეკვატურ სერვისთან წვდომა ყველაზე მეტად სჭირდებოდეს.
“ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან შშმ პირები და სხვა, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები. მეორე მხრივ, ცვლილებებით უარესდება იმ პირთა უფლებრივი დაცვის სტანდარტები, რომლებიც დასაქმებულნი არიან და შესაძლოა, მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სამსახურებრივ მივლინებებს ჰქონდეს.
კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს პროგრამის პაციენტთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხს და აუარესებს მათ კარიერულ თუ ფინანსურ მდგომარეობას. ამოქმედებული ცვლილებები, შესაძლოა, მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს ბენეფიციართა დასაქმებისთვის, ან უკვე დასაქმებულთა მიერ, სამუშაო ადგილის შენარჩუნებისთვის.
სამოქალაქო ორგანიზაციები და პროფესიული ჯგუფები წლებია ვითხოვთ, რომ ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამაში უფრო ფართოდ დანერგილიყო პაციენტებისთვის რამდენიმე დღის სამყოფი მედიკამენტის ხელზე გატანების პრაქტიკა. ეს მოთხოვნა ეფუძნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2009 წელს შემუშავებული გზამკვლევის რეკომენდაციას”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციების ცნობით, “ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ” ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების ცვლილებით, განსხვავებულად მოწესრიგდა ჩანაცვლებითი პროგრამის ადმინისტრირების წესები.
მანამდე არსებული რეგულირებით, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, ოჯახის წევრის ან სხვა უფლებამოსილი პირის დახმარებით, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის ჩანაცვლებითი მკურნალობისთვის განკუთვნილი პრეპარატის მიღება/გატანა შეეძლოთ. ცვლილებით კი პაციენტისთვის მისაწოდებელი პროდუქტის ულუფა 1 დღის ოდენობამდე შემცირდა.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ცვლილება, აგრეთვე შეეხო განსაკუთრებულ შემთხვევებში პაციენტის ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფის შესაძლებლობასაც.
“მოქმედი რედაქციით, პაციენტის ბინაზე ხანგრძლივად (2 თვეზე მეტი პერიოდი) მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო 5 დღის მარაგის გადაცემა, ხოლო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტუბერკულოზის ბაქტერია გამომყოფი აქტიური ფორმით დაავადებულ პირებზე შესაძლებელი იყო ერთდროულად 7 დღის მარაგის ოდენობის პროდუქტის გადაცემა.
ცვლილებებით, საგამონაკლისო რეგულირება საერთოდ გაუქმდა. აგრეთვე, მოქმედი ბრძანება აღარ ითვალისწინებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიზეზის დასაბუთების შემთხვევაში (ე.წ. მივლინების პრინციპი) პაციენტისთვის არა უმეტეს 4 დღის დოზის ხელზე გატანის შესაძლებლობას”.
ორგანიზაციები აღნიშნავენ იმასაც, რომ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს წინ არ უძღოდა პროფესიულ ან სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციები.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ რგოლებს, რომ გახსნან დისკუსია საკითხის გარშემო, სადაც, ინკლუზიურ გარემოში, სათემო და პროფესიულ ორგანიზაციებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცემათ, სამუშაო ფორმატში განიხილონ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში არსებული გამოწვევები. მათივე რეკომენდაციია, რომ ერთობლივად შემუშავდეს მოდელი, რომელიც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?