– “ერთობაზე საუბარი ასეთ პირობებში ბომბს ჰგავს, რომელიც არავის სურს, ხელში აუფეთქდეს”

“ოპოზიციის ლიდერების დაჭერა უდიდესი პრობლემაა – ზოგმა ქვეყანა უკვე დატოვა ან დატოვებას აპირებს, ზოგი უკვე ციხეშია ან გამზადებულია დასაპატიმრებლად. სავარაუდოდ, აგვისტოს მიწურულს ან სექტემბრის დამდეგს დასრულდება მოწმეების დაკითხვა, პროკურატურა თავის ნაწილს დაასრულებს და დიდი ალბათობით, ამ პერიოდშივე შეიძლება სასამართლომ განაჩენიც გამოიტანოს. სიტუაციას ძალიან ართულებს სააკაშვილის მძიმე ბრალდებები, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ბიძინაზე “გაყიდულად” წარმოაჩენს. ამ ყველაფრის ფონზე აშკარაა რესურსებისა და ფინანსების სიმწირე, რაც უფრო ამძიმებს მდგომარეობას და პოზიტიურ პერსპექტივას არ ტოვებს. ასეთ ვითარებაში ალიანსებზე ლაპარაკი აზრს კარგავს. მე არც ადრე ვუყურებდი ამას რეალისტურ პერსპექტივად, მაგრამ დღეს უკვე თავად პოლიტიკურ სივრცეშიც აღარ დგას ეს თემა აქტიურად”, – აცხადებს პოლიტიკოსი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ერთობაზე საუბარი ასეთ პირობებში ბომბს ჰგავს, რომელიც არავის სურს, ხელში აუფეთქდეს”.

“როცა სალაპარაკო აღარ რჩება და პოლიტიკური პროცესი უსაქმურობისა და რესურსების დეფიციტის ფაზაში გადადის, საუბარი ერთობაზე ხშირად ხდება ერთგვარი ჩანაცვლება შინაარსიანი დღის წესრიგის, თითქოს ეს იყოს ფორმა, რომელიც რეალური მოქმედების ნაცვლად დროის გაყვანას ემსახურება. თუ ვინმეს მაინც უნდა ერთობა, გაერთიანდეს. ერთობაზე საუბარი ასეთ პირობებში ბომბს ჰგავს, რომელიც არავის სურს ხელში აუფეთქდეს, ამიტომ ყველა ცდილობს ისე ილაპარაკოს, რომ არც ერთობის წინააღმდეგი გამოჩნდეს და არც პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც რეალურად არ ფუნქციონირებს. ფაქტია, ერთობა იმიტომ არ გამოდის, რომ არ არსებობს ერთად მოქმედების რეალური პოლიტიკური ნება. ისიც ფაქტია, რომ ვადამდელ არჩევნებს აღარ უჩანს პერსპექტივა და უკვე ყველასთვის ნათელია, რომ შემდეგი ეტაპი 2028 წლის არჩევნებია. შეიძლება ითქვას, დღეს პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული. დამატებითი ფაქტორია ისიც, რომ ქვეყანა დიდწილად ამერიკის მოლოდინზეა გადართული, სადაც როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად მიდიან საელჩოსთან კომუნიკაციაზე, თუმცა ამ მიმართულებითაც არაღიარების საკითხზე ერთიანი პოზიცია უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ცოტნე კობერიძე.

“ფაქტია, რომ შტატებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტერესები და გეოგრაფიული მდებარეობა. იმის შეფასება, რამდენად ადარდებთ მათ აქ მიღებული კანონები და სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ცოტა ეჭვს იწვევს, შეიძლება ეს არც იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, რა ფორმით განვითარდება ეს პროცესი, რთული სათქმელია, ისევე როგორც შარლ მიშელის პროცესის გაგრძელება და შეიძლება თუ არა იქიდან რაიმე შედეგის მიღება. ამ ფონზე ჩანს, რომ თუ ადრე სიმძიმის ცენტრი უფრო ევროპაზე იყო გადატანილი, ახლა ეს ყურადღება უფრო მეტად შტატებზე გადავიდა. ევროპასთან დაკავშირებული ქართული ხელისუფლების რიტორიკა ცნობილია, ევროპიდანაც არაერთი განცხადება და რეზოლუცია იყო, თუმცა საბოლოოდ ამ ყველაფერმა პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა ვერ მოახდინა. ამიტომ დღეს, ფაქტობრივად, რჩება ერთადერთი მთავარი მიმართულება – შტატები, როგორც ძირითადი საგარეო პოლიტიკური ფაქტორი”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“სააკაშვილის რიტორიკა ბოლო პერიოდში შეიცვალა: აშკარად ჩანს, რომ გარკვეული მოვლენები არ მოეწონა და ამის შემდეგ სხვა პოლიტიკური ხაზი აირჩია. ის თითქოს ვაბანკზე მიდის იმიტომ, რომ უკვე ისედაც ციხეშია და ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს?! სხვა პოლიტიკოსებიც არიან ციხეში, ნაწილი კი პოტენციური პატიმრობის რისკის ქვეშაა. არ ვიცი, როგორი იყო ან ახლა როგორია მათი სტრატეგია. მათგან წლების განმავლობაში ისმოდა განცხადებები, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა, “ქართული ოცნება” სუსტდებოდა, ოპოზიცია ძლიერდებოდა და სისტემა იშლებოდა. მაშინ, როცა კითხვებს ვსვამდით, პასუხად ხშირად გვესმოდა, რომ “ქოცობას ვიწყებდით”, დღეს კი რეალობა სხვანაირია და ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ ყველაფერი მართლაც კარგად მიდიოდა, მაშინ რაც ახლა ხდება, ესეც მათი გეგმის ნაწილია? წარმოდგენა არა მაქვს, რას ელოდებიან, ვინმე ჯადოქარი გამოჩნდება, ივანიშვილს შეულოცავს და რეჟიმი ავტომატურად შეიცვლება? არ ვიცი, ოპოზიციის ლიდერები ისევ რაიმე სტრატეგიაზე მუშაობენ თუ ტელევიზორებში მსოფლიო ჩემპიონატს უყურებენ”, – ამბობს ცოტნე კობერიძე,

“წინა შემთხვევასთან შედარებით, როცა ოპოზიციონერებს და აქტივისტებს შვიდთვიანი პატიმრობა ემუქრებოდათ, პოლიტიკური ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საზოგადოებაში უფრო მეტად გავრცელდა ის ამბავი, რომ “ოცნების” წევრებმა პარლამენტში გახარიას პარტიის წევრებს სცემეს, ვიდრე ის, რომ ოპოზიციის ლიდერების დიდ ნაწილს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოტენციური პატიმრებისგანაც კი იუმორნარევი პოსტების მიღმა სერიოზულ პოლიტიკურ რეაქციებს ვერ ვხედავ. თუ ადამიანი პოლიტიკით დაინტერესებული და პროცესებში ღრმად ჩახედული არ არის, შესაძლოა არც იცოდეს, ვის აკავებენ და რა მასშტაბის საქმეებზეა ლაპარაკი. ხალხმა მხოლოდ ის იცის, რომ გახარია ქვეყნიდან გაქცეულია, ვინმე სხვა პოლიტიკოსების ამბავს კითხულობს? ასე თუ გაგრძელდა, სექტემბრიდან ქვეყანაში ან რეგიონში რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი რომ მოხდეს, ხმის ამომღებიც კი აღარავინ იქნება. ხვალ რომ საპარლამენტო ჩატარდეს, ძალიან მარტივად გაიმარჯვებს “ქართული ოცნება” და გამპროტესტებელიც აღარავინ იქნება”, – დაასკვნის ცოტნე კობერიძე და შეკითხვაზე – “შეიძლება თუ არა არსებული ვითარების შეცვლა, თუ “ოცნება” ამერიკასთან ურთიერთობას ვერ ააწყობს?” – პასუხობს:

“რთული სათქმელია, რადგან დღესაც არა მაქვს განცდა, რომ “ქართულ ოცნებას” რეალურად სურს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება. უკვე იმ სიტუაციაში ვართ, როცა დასავლურ სამყაროსთან სრულფასოვანი პოლიტიკური კოორდინაცია არა გვაქვს და ეს მოცემულობა, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის დამატებით ბერკეტსაც ქმნის, მათ შორის უფრო მკაცრი ნაბიჯების, დაკავებებისა და ზოგადად პოლიტიკური კონტროლის თვალსაზრისით, რადგან ნაკლებია გარე შემაკავებელი ფაქტორი. შესაბამისად, თუ დასავლეთთან, თუნდაც კონკრეტულად ამერიკასთან, ურთიერთობა უფრო გაუარესდება, “ოცნება” არაფერს დაკარგავს, თუ, რა თქმა უნდა, ხალხი არ აჯანყდება. საკითხავი ის არის, რამდენად არის საზოგადოება მზად ისეთი ტიპის რადიკალური ნაბიჯებისთვის, როგორიც შეიძლება იყოს პოლიტიკური კრიზისის გამწვავება ან თუნდაც რევოლუციური სცენარის განხილვა მაშინ, როცა ქვეყანა დასავლეთთან, მათ შორის ამერიკასთან, ფაქტობრივად, შეზღუდული კომუნიკაციის რეჟიმს არჩევს. თუ ეს მუხტი არ იქნება ძლიერი, მაშინ არსებული მდგომარეობა შესაძლოა დიდწილად უცვლელადაც დარჩეს”.