„თეგეტა ჰოლდინგმა“ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (სტუ) თანამშრომლობა გააფართოვეს. პარტნიორობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, „ბიზნესჰაბის“ სივრცეში, „თეგეტას“ სახელობის თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჰოლდინგის მიერ სრულად გარემონტდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ახალ მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს განათლებისა და ბიზნესის სექტორებს შორის კავშირის გაძლიერებას, თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის შეთავაზებას.
„თეგეტა ჰოლდინგსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამშრომლობის ორი ათწლეული აკავშირებთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჰოლდინგი ახორციელებდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე მორგებულ სტაჟირების პროგრამებს, მათთვის დასაქმების ინიციატივებს და აფინანსებდა წარჩინებულ სტუდენტებს. 2026-2027 სასწავლო წლისთვის კი „თეგეტა“ უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე კიდევ 3 სტუდენტს სტიპენდიით უზრუნველყოფს.
რუსუდან სანიკიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სერვისების მთავარი ოფიცერი: „ჩვენი მიზანია, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა რეალურ შედეგებში გადაიზარდოს. როგორც ინდუსტრიის წამყვანი კომპანია, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, აქტიური წვლილი შევიტანოთ მომავალი პროფესიონალების გაზრდასა და დარგში თანამედროვე ცოდნის გავრცელებაში. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება „თეგეტა ჰოლდინგის“ განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან გვჯერა, რომ ძლიერი ინდუსტრიის საფუძველს სწორედ კვალიფიციური და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალები ქმნიან.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაღრმავებით შევქმენით სივრცე, სადაც სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები ამ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას შეძლებენ. მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინდუსტრიის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის“.

მემორანდუმის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა რეალიზდება. მათ შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში „თეგეტას“ მიერ სრულად განახლებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ცენტრის გახსნა, ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით მოკლევადიანი, სამმხრივად სერტიფიცირებული პროფესიული პროგრამების შემუშავება და სასწავლო პროცესში რეალური ბიზნესქეისების ინტეგრირება.
ავტოინდუსტრია დღეს სწრაფი ტემპით ვითარდება და, ტრადიციულ ცოდნასთან ერთად, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონული სისტემების, დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სატრანსპორტო გადაწყვეტილებების ცოდნას. სწორედ ამიტომ ახალი სასწავლო ცენტრი სტუდენტებსა და დარგით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესი რეალურ ინდუსტრიულ გარემოსთან მაქსიმალურად დააახლოონ. ამისთვის კი სივრცეში არაერთი ერთობლივი აქტივობა იგეგმება.
პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას. „თეგეტა ჰოლდინგის“ 30-წლიანი გამოცდილება, როგორც რეგიონში საავტომობილო სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის, სასწავლო პროცესში სხვადასხვა ფორმით ინტეგრირდება. სტუდენტები გაეცნობიან რეალურ ბიზნესქეისებს, თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და იმ პროცესებს, რომლებიც ყოველდღიურად განსაზღვრავს საავტომობილო სექტორის განვითარებას.
ბორის გითოლენდია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებისა და ბიზნესის სექტორების დაახლოების მიმართულებით. ახალი სასწავლო ცენტრი, ევროპული სტანდარტების პროფესიული პროგრამები და ერთობლივი ინიციატივები სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ, რაც მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგეგმილი ტრენინგპროგრამები მხოლოდ სტუდენტებისთვის არ იქნება განკუთვნილი. პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ექნებათ მოქმედ სპეციალისტებსა და დამწყებ ავტომექანიკოსებსაც, რომლებიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ. აღნიშნული ინიციატივა დარგში თანამედროვე ცოდნის გავრცელებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების რაოდენობის ზრდას უზრუნველყოფს.
მხარეების შეფასებით, ბიზნესისა და აკადემიური სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს საჭიროებებზე მორგებული პროფესიონალების მოსამზადებლად. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თეგეტა ჰოლდინგისა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობა, რომელიც საერთო საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
—
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.




