ელისო კილაძის შვილი: ადამიანს გამოუტანენ განაჩენს ისე, რომ არ ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს (ვიდეო)

ელისო კილაძის შვილი აცხადებს, რომ „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებელს უკვე მეხუთე თვეა ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვს და ახლობლები მის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ინფორმაციას ვერ იღებენ. მისი თქმით, არსებული შეზღუდვები კილაძეს საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისა და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას ართმევს.

არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ გაესაუბროს ოჯახის წევრებსაც კი. უკვე მეხუთე თვეა, ველოდები ან ზარს, ან წერილს, ან რაიმე ცნობას მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ. რას ემსახურება ეს ყველაფერი? ერთი, რომ ვერ შეძლოს საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება, ვერ უპასუხოს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. თუ ყველაფერს მივყვებით ისე, როგორც დღეს არის, მივიღებთ მოცემულობას და შედეგს, რომ ადამიანს გამოუტანენ განაჩენს ისე, რომ არ ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია საერთოდ დააფიქსიროს. საზოგადოება ვერასდროს გაიგებს, იმიტომ, რომ გრიფით საიდუმლო ადევს საქმეს, რატომ, რისთვის და რის საფუძველზე დაიჭირეს, – ამბობს ელისო კილაძის შვილი, მარიამ ხარშილაძე.  

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს  ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი – სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია