ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დიდთოვლობამ და ქარიშხალმა სერიოზული პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია ხეები, გაუწმენდავი გზების გამო გართულებულია გადაადგილება. ცხინვალის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ჩაწყვეტილია.
ადგილობრივმა ენერგეტიკოსებმა 7 დაზიანება აღმოჩინეს, თუმცა მათი შეკეთება ჯერ ვერ ხერხდება.
ოსური მედიის ცნობით, სამშაბათს ოკუპირებული ცხინვალის სკოლები და ბაღები დახურეს. ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, გათბობის სისტემა გაითიშა. ცხინვალის რაიონის სოფლები მოწყვეტილია გარესამყაროს.
ცხინვალის რაიონის კომუნალური სამსახურის უფროსმა რადიონ ხუბეჟოვმა განაცხადა, რომ ახლა მთელი ტექნიკა გზების გასაწმენდად არის მობილიზებული.
„დაბლობ ადგილებში 50 სმ-მდე თოვლი მოვიდა, შორეულ, მაღალმთიან სოფლებში კი მეტრზე მეტი თოვლი იყო. დასახლებების დიდ უმრავლესობაში მოხვედრა შეუძლებელია. ჩვენი მთელი ტექნიკა ჩართულია გზების გამწმენდ სამუშაოებში. ახლა სოფლების დმენისის, სატიხარისა და ჯერისკენ მუშაობენ. როგორც კი იქ დაასრულებენ, სხვა სოფლებისკენ წავლენ“, – აღნიშნა ხუბეჟოვმა.
პრობლემებია ოკუპირებული ახალგორის რაიონშიც. დიდთოვლობის გამო რაიონულ ცენტრს მოწყდა რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი, განუცხადა სააგენტო „რეს“-ს რაიონის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ანჯელა კოკოევამ. მან აღნიშნა, რომ თოვლის საფარის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა.
„ძლიერმა თოვლისა და ქარბუქის გამო ლენინგორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებულია. გამგეობის ყველა არსებული კომუნალური ტექნიკა გამოვიდა სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად“, – განაცხადა კოკოევამ.
კოკოევამ დასძინა, რომ პრიორიტეტი ენიჭება ადმინისტრაციულ შენობებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მისასვლელი გზების წმენდას. ელექტროგადამცემ ხაზებზე მოხდარი ავარიის გამო ოკუპირებული ახალგორის საფლების ნაწილი, ასევე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?