ისრაელმა და ლიბანმა ვაშინგტონში აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდგომ სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს აშშ-ს სახდეპის მრჩეველმა, დენ ჰოლერმა და ისრაელისა და ლიბანის ელჩებმა აშშ-ში, იეხიელ ლაიტერმა და ნადა ჰამადემ.
შეთანხმების ფარგლებში, ისრაელი ლიბანის მთავრობას საწყის ეტაპზე სამხრეთ ლიბანში მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის მცირე ნაწილს გადასცემს, ლიბანის არმია კი ჰეზბოლას განიარაღებას დაიწყებს. თავის მხრივ, ჰეზბოლას დაშლის პროცესის განმავლობაში კი ლიბანი ისრაელის კონტროლირებულ მეტ ტერიტორიას დაიკავებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ხელშეკრულება სამმხრივი “ლიბანის სამხედრო საკოორდინაციო ჯგუფის” შექმნას მოიაზრებს, რომელიც შეთანხმების აღსრულებას უზრუნველყოფს. მანვე დაამატა, რომ აშშ ლიბანს მნიშვნელოვნად დაეხმარება, მათ შორის, გაეროსთან კოორდინაციით ჰუმანიტარული დახმარების სახით 100 მილიონ დოლარს გადასცემს და ლიბანის არმიის გასაძლიერებლად 30 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ბუფერულ ზონას შეინარჩუნებს, თუმცა ლიბანს “საპილოტე ზონებს” გადასცემენ, რათა ლიბანის არმიამ “ორგანიზება და ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება დაიწყოს”. მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ბუფერულ ზონაზე სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს.
ლაიტერმა რეპორტიორებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება ზუსტ ვადებს არ ითვალისწინებს, არამედ ლიბანის არმიის მხრიდან ჰეზბოლასთან გამკლავების პროგრესს ეფუძნება.
“რამდენადაც ლიბანის არმია გაართმევს თავს ჰეზბოლას დაშლასა და განიარაღებას, იმდენად გავაგრძელებთ დამატებითი საპილოტე ზონების [გადაცემით] და საბოლოო ჯამში საერთაშორისოდ აღიარებული, უსაფრთხო და შეთანხმებული საზღვრის საბოლოოდ განსაზღვრით”. – თქვა ლაიტერმა.
ლაიტერის შემდგომ რეპორტიორებთან საუბრისას ლიბანის ელჩმა, ნადა ჰამადემ აღნიშნა, რომ შეხვედრა “ხანგრძლივი და რთული იყო”, თუმცა “მასპინძელსა და ორ დელეგაციას მოლაპარაკებების დროს თანამშრომლობისთვის” მადლობა გადაუხადა.
“სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც დღეს ხელს ვაწერთ, არის პირველი ნაბიჯი ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, საბრძოლო მოქმედებების მუდმივი და საბოლოო შეჩერებისა და ჩვენი ხალხისთვის თავიანთ მიწაზე დაბრუნების, ყველა ლიბანელისთვის მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და კეთილდღეობაში ცხოვრების საშუალების მიცემის გზაზე”. – თქვა ჰამადემ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სამმხრივ შეთანხმებას “დასაწყისის დასაწყისი” უწოდა, თუმცა მის “სასიცოცხლო” მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
“პირველი ნაბიჯი ხანდახან ყველაზე რთულია, თუმცა მნიშვნელოვანია და ის ჩვენ ერთად გადავდგით. წინ ბევრი სამუშაო გველის. არანაირად არ ვამცირებთ მოსალოდნელი ამოცანის სირთულეს, თუმცა მისი მნიშვნელობა გვესმის, თუ რამდენად საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პატივია, რომ ამის მოწყობაში მონაწილეობა მივიღეთ”. – თქვა რუბიომ შეთანხმების გაფორმებამდე.
ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის თქმით, ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმება “პირველი ნაბიჯია”, რომელიც ლიბანელებს საშუალებას მისცემს, რომ “თავიანთ სრულად გათავისუფლებულ მიწებსა და უეჭველად ხელახლა აშენებულ სახლებს დაუბრუნდნენ… ლიბანის სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ, რომელსაც თავის ტერიტორიასა და ხალხზე სუვერენიტეტში პარტნიორი არ ჰყავს”.
“ვფიცავართ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ ეს სრულად არ მიიღწევა. აღარ იქნება ოკუპაცია, პატიმრები, სუბორდინაცია ან მეურვეობა”. – თქვა .