სოციალური დახმარება 22 707 ოჯახს შეუწყდა –

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ისაუბრა და თქვა, რომ გადამოწმების შედეგად საარსებო შემწეობა 22 707 ოჯახს შეუწყდა.

  • 2026 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმებას იწყებდა.

„1-ელი ივნისის მონაცემებით დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4%. აქედან დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მლნ ლარი. აქ იყო ხშირად სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი – გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით – რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას. ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება,“- განაცხადა კობახიძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მაისში საარსებო შემწეობას 605 033 პირი (153 171 ოჯახი) იღებდა, აპრილთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი თითქმის 41 ათასით შემცირდა.