ლევან დავითაშვილი – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის – მომდევნო წლებში ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება

ჩვენი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის სწრაფი, სტაბილური ზრდა-განვითარების შესახებ ყოველთვიურად მართლდება და ახლა უკვე 2023 წლის სტატისტიკური მონაცემებით არის გამყარებული , – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ არამხოლოდ შეძლო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.
„2021 – 2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა – გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა. 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 დოლარს გადააჭარბებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილიდან ინფლაციის დონე მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, მისი თქმით, გასული წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა, ბოლო 8 თვის განმავლობაში კი 1 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.
„2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული, 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) და ასევე, რეკორდულ მოცულობას – 4.1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-სთან მიმართებით აქვს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა უმუშევრობის მაჩვენებელს შეეხებოდა.
მისი თქმით, გასულ წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.
„ეს ტენდენცია 2023 წლის სამივე კვარტალში გაგრძელდა და კვარტალურ ჭრილში უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა (III კვარტალი – 15.6%). წინასწარი შეფასებით, 2023 წელს დაფიქსირდება უმუშევრობის მინიმალური დონე, ასევე რეკორდული იქნება დასაქმების დონეც. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ორიენტირი იქნება სიღარიბის შემცირება, დასაქმების ხელშეწყობა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.
ეს გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკური გამოწვევების თანმიმდევრულ დაძლევასა და არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებაზე, რაც გულისხმობს: ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას და ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას. გაძლიერდება და თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით