“მიისაკუთრეს 242 000 ლარი” – 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ. სამუშაოების სწრაფად შესრულების საბაბით, ბრალდებულებმა დაზარალებულებს თანხა წინასწარ გამოართვეს – ჯამში 242 000 ლარი, რაც ისე მიისაკუთრეს, რომ ვალდებულება არ შეასრულეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ერთ-ერთი ჩამდენი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო” – წერს უწყება.
საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც  9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.