პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
ფოტო: Mark Erdmann
8
წაკითხვა
მეცნიერებმა პაპუა-ახალ გვინეაში ზვიგენების კვლევისას მოულოდნელად სრულიად ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მას დაჯენის მოსიარულე ზვიგენი უწოდეს, ლათინურად Hemiscyllium dudgeonae. დაჯენი იმ მეცნიერის გვარია, რომელმაც იგი იპოვა.
ცნობისთვის, მოსიარულე ზვიგენებს ეს სახელწოდება იმიტომ ჰქვიათ, რომ მათ თავიანთი ფარფლებით ოკეანის ფსკერსა და ხმელეთზე ხოხვა შეუძლიათ.
ადგილობრივ ენაზე ახალ სახეობას kadedekedewa ჰქვია, რაც დაახლოებით “ძაღლ-ზვიგენად” ან “ზარმაც ზვიგენად” ითარგმნება. ამის მიზეზი სახეობის წარმომადგენელთა ოთხი კიდურით მოუქნელი გადაადგილებაა. ისინი ღამის ცხოველთა რიგს მიეკუთვნებიან და მხოლოდ პაპუა-ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდებიან.
კრისტინ დაჯენი ახალაღმოჩენილ ზვიგენთან ერთად.
ფოტო: Nesha Ichida
გასულ წელს მკვლევართა გუნდი მილნ-ბეის ყურეში გადაშენების პირას მყოფ ეპოლეტის ზვიგენებს ითვლიდა. ისინი ზღვის ფსკერზე მობინადრე უხერხემლოებით იკვებებიან, ამიტომ ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ასევე, მარჯნის რიფების გასწვრივ გადასაადგილებლად ოთხივე ფარფლს კიდურების მსგავსად იყენებენ.
სწორედ მათზე დაკვირვებისას შენიშნეს აქამდე უცნობი ზვიგენები.
“მაშინვე მივხვდი, რომ ფერების თავისებურება ყველა იმ სახეობისგან განსხვავდებოდა, რომლებიც აქამდე გამომიკვლევია”, — განმარტა ჯეს ბლეიკვეიმ, კვლევის თანაავტორმა — “პირველი, რაც თვალში მომხვდა, ზვიგენის ყავისფერ სხეულზე არსებული თეთრი ზოლები იყო. ისინი მკვეთრად განსხვავდება ლეოპარდის მსგავსი ლაქებისგან, რომლებსაც ველოდით”.
წყლიდან ამოყვანის შემდეგ მკვლევრებმა ზვიგენი სპეციალურ აბაზანაში ჩასვეს, რომელიც ზღვის წყლით იყო სავსე. ამასობაში მათ მისი სასიცოცხლო პარამეტრები გაზომეს და სისხლისა და ქსოვილის ნიმუშები აიღეს. მომდევნო 2 ღამის განმავლობაში კიდევ 11 მსგავსი ინდივიდი იპოვეს.
ავსტრალიაში ჩატარებული გენეტიკური ანალიზით დადასტურდა, რომ ეს მართლაც ახალი სახეობა იყო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ 2013 წლის შემდეგ ამ გვარის ახალი სახეობა აღარ აღმოუჩენიათ.
აღსანიშნავია, რომ Hemiscyllium dudgeonae-ს ჰაბიტატი ნელ-ნელა ნადგურდება. ამის ძირითადი მიზეზები ასეთ რეგიონებში აქტიური თევზჭერა და კლიმატის ცვლილებაა. მკვლევრების თქმით, შემდეგი ექსპედიცია ოქტომბერში იგეგმება. მისი მთავარი მიზანი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისთვის (IUCN) სათანადო მონაცემების მიწოდებაა, რათა ახალი სახეობის კლასიფიკაცია შეძლონ: შეიძლება იგი წითელ წიგნში შეიყვანონ, როგორც გადაშენების პირას მყოფი.
დოქტორანტი ჯეს ბლეიკვეი, პროფესორი მარკ ერდმანი და პროფესორი კრისტინ დაჯენი ახალაღმოჩენილ ზვიგენთან ერთად.
ფოტო: Nesha Ichida
ამ ყველაფერთან ერთად, მეცნიერებმა ახალი გვინეის კუნძულზე ეპოლეტის ზვიგენის ორი სახეობის გეოგრაფიული განაწილების შესახებაც მეტი შეიტყვეს. კვლევის მეთოდები ყვინთვას, სასუნთქი მილაკით წყალქვეშ ცურვასა და რიფზე სიარულს მოიცავდა. მეცნიერებმა მოსიარულე ზვიგენები ხელით დაიჭირეს, საბოლოოდ კი 15 სხვადასხვა ლოკაციაზე 70 მოკვლევა ჩატარდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი კვლევის მეშვეობით მოსიარულე ზვიგენების საცხოვრებელი ადგილების შესახებაც უკეთ გავიგეთ. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყოველი სახეობა განსხვავებული ჰაბიტატით იყო შეზღუდული, მაგალითად, მდინარეებით ან ღრმა წყლებით. ახლა უკვე ვიცით, რომ პაპუა-ახალი გვინეის აღმოსავლეთ ნაწილში მოსიარულე ზვიგენების განაწილება ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა სხვადასხვა სახეობა ერთსა და იმავე ადგილას არ ცხოვრობს.
საინტერესოა, რომ ახალი სახეობა პაპუა-ახალი გვინეის ეპოლეტის გვარში რიგით მეათეა. ხუთი მათგანი უკვე წითელ წიგნშია შეყვანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი, კონკრეტულად B კრიტერიუმის ქვეშ. ეს მათი გავრცელების შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალს მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ ეს კრიტერიუმი ზვიგენების მხოლოდ 3%-ს აქვს მინიჭებული.
ნაშრომი გამოცემაში Zenodo გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
გარემოსთვის რომელი უფრო საზიანოა: ელექტრომობილები, თუ საწვავზე მომუშავე მანქანები? — კვლევა3375 ნახვა
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია2198 ნახვა
კოსმოსური ობსერვატორია დედამიწაზე ვარდება, თუმცა NASA მის გადარჩენას აპირებს1797 ნახვა
რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ1502 ნახვა
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია?1435 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს
ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს
გადახედვა
დედამიწა
ვენესუელა “ორმაგი მიწისძვრის” მსხვერპლი გახდა — აი, რა ვიცით
ვენესუელა “ორმაგი მიწისძვრის” მსხვერპლი გახდა — აი, რა ვიცით
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს
AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი?
NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი?
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
აღმოაჩინეს უნიკალური “ჰიპერპარაზიტი”, რომელსაც რქის ფორმა აქვს
აღმოაჩინეს უნიკალური “ჰიპერპარაზიტი”, რომელსაც რქის ფორმა აქვს
გადახედვა
კოსმოსი
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
გადახედვა
ტექნოლოგიები
ხელოვნური ყინულის პირამიდები ინდოეთის მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად
ხელოვნური ყინულის პირამიდები ინდოეთის მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ფრინველის გრიპი H5N1 უკვე ყველა კონტინენტზეა — ის ავსტრალიაშიც დააფიქსირეს
ფრინველის გრიპი H5N1 უკვე ყველა კონტინენტზეა — ის ავსტრალიაშიც დააფიქსირეს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები
AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები