კრემლი უარყოფს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ხელისუფლების ცვლილება რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა RBC-სთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ალან გაგლოევის გადადგომა და დე ფაქტო ხელმძღვანელობის ცვლილება რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ინტეგრაციის გეგმასთან იყოს დაკავშირებული, პესკოვმა უპასუხა: „არა, არ შეიძლება“.
ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე, ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის მოქალაქე მარატ კალამბოვი უხელმძღვანელებს. საკადრო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს რეგიონში პოლიტიკური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას აძლევს.




