ალდაგი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ავტომფლობელებს 10 მილიონ ლარს აუნაზღაურებს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი 20 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მომხმარებლებს, წინასწარი მონაცემებით, 10 მილიონ ლარს აუნაზღაურებს. ამ დროისთვის კომპანიაში უკვე დაფიქსირდა 3 000-მდე განაცხადი. სტიქიამ ძირითადად საცალო და კორპორატიული სეგმენტის ავტომობილები დააზიანა.მიმდინარე მონაცემებით, დაზარალებულთა რაოდენობა და მიყენებული ზარალის მოცულობა დინამიურად იცვლება და ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ავტომობილების ნაწილის შეფასება უკვე დასრულებულია და კომპენსაციების გაცემა დაწყებულია. მომხმარებლებისთვის შეთვაზებულია ავტომობილების შეკეთების ინდივიდუალური გეგმაც.„სტიქიის პირველივე წუთებიდან, ჩვენი გუნდი სრული დატვირთვით მუშაობს დედაქალაქში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ავტომფლობელთა დასახმარებლად. ალდაგი ავტოდაზღვევის ყველაზე მსხვილ სადაზღვევო პორტფელს ფლობს, კორაპორატიულ და საცალო სეგმენტში, შესაბამისად, სტიქიის მასშტაბი ჩვენს მომხმარებლებს ყველაზე მეტად შეეხო. პროცესის სირთულიდან გამომდინარე, ალდაგის ქოლ-ცენტრი გადაყვანილია 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე, რათა ოპერატიულად მოხდეს მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თითოეული მომხმარებლის კმაყოფილებაა,“ – აცხადებენ კომპანიაში.