„ზაფხულის ბოლომდე საქართველოში 20 000-მდე ელექტრომობილი იქნება“ – E-SPACE

E-SPACE-ის გენერალური დირექტორის დავით იოსავას განცხადებით, ზაფხულის ბოლომდე საქართველოში 20 000-მდე ელექტრომობილი იქნება.როგორც მან გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ეთერში აღნიშნა, ელექტრომობილების მიმართ ინტერესის ზრდა რამდენიმე ფაქტორზე იყო დამოკიდებული – მათ შორის, საწვავის ფასების ზრდაზე, ახალ კანონზე, რომელმაც ავტომობილების იმპორტი წლების მიხედვით შეზღუდა და ასევე, ზოგადად ბაზარზე ფასების დაწევაზე. კერძოდ, ბევრი ალტერნატივა გაჩნდა და ახლა მეორადი ავტომობილის ნაცვლად მომხმარებელს ახალი ელექტრომობილის შეძენა შეუძლია. “ელექტრომობილების რაოდენობა იზრდება და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი გვხვდება. ჩვენი დაკვირვებით ზაფხულის ბოლომდე 20 000-მდე ელექტრომობილი იქნება საქართველოში, რაც სრული ავტოპარკის დაახლოებით, 1%-ს შეადგენს. გლობალურ ტენდენციებს რაც შეეხება ძალიან დიდი დაინტერესებაა კომპანიების მხრიდან, რომ საკუთარი ავტომობილები ელექტრომობილებით ჩაანაცვლონ. განსაკუთრებით დიდ როლს ეს თამაშობს ხოლმე, როდესაც ბაზრის ტენდენცია უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, პირდაპირ  მომხმარებლებზე გაყიდვების რაოდენობაც საკმაოდ გაზრდილია და ბევრი დიდი მოთამაშე გაჩნდა ბაზარზე, რომელიც აქამდე არ იყო, ვგულისხმობ ჩინურ მწარმოებლებს, რომლებიც ევროპაშიც გეგმავენ ელექტრომობილების შეყვანას. გარდა ამისა, ყველა დიდმა მწარმოებელმა დაიწყო ელექტრომობილების გამოშვება თავის სერიებში. სხვადასხვა ფაქტორმა მოიტანა ის, რომ თვეში საქართველოში დაახლოებით, 500-დან 1000-მდე ელექტრომობილი შემოდის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა დამტენების ზრდაც”, – აცხადებს დავით იოსავა.მანვე აღნიშნა, რომ ახლა მომხმარებლები დიდ ყურადღებას დამტენების სიმძლავრეს ანიჭებენ. დავით იოსავას ინფორმაციით, დაგეგმილი პროექტების ფარგლებში სწრაფი დამტენების რაოდენობა 90-მდე გაიზრდება, ხოლო ნელი დამტენები, რომლებიც ქვეყანაში გეოგრაფიულად გაშლილია 50-ით გაიზრდება და ჯამში, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 150 დამტენი იქნება. bp.ge