კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი:
როდესაც „მძევლებს“ ვიღებდით, ძალიან სერიოზული ფინანსური სირთულეები მქონდა. სწორედ მაშინ მივმართე თემურს.
სამი თვის განმავლობაში მთელი გადამღები ჯგუფი Rooms Tbilisi-სა და Holiday Inn-ში ცხოვრობდა. კინოში მუშაობის ოცდახუთწლიანი გამოცდილების განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი ექსპედიცია, სადაც ასე კომფორტულად და ლამაზად გვეცხოვრა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფული არ გვქონდა.
ყოველ საღამოს Rooms-ის ბარში ვიკრიბებოდით, რომელიც მაშინ ახალი გახსნილი და ქალაქის ყველაზე მაგარი ადგილი იყო. მეზობელ მაგიდებთან ისხდნენ ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ელეგანტური ქალბატონები, ბოჰემა. მათ გვერდით კი ჩემი გამნათებლები, მექანიკოსები, ტექნიკოსები და გადამღები ჯგუფის წევრები. საოცარი ნაზავი იყო. ჩვენი ფილმის ოფისიც იქვე მდებარეობდა.
ჩამოსულ მსახიობებს ეს ყველაფერი რომ ნახეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ფილმს უზარმაზარი ბიუჯეტი ჰქონდა და შესაბამისად დიდ ჰონორარებსაც ითხოვდნენ. მხოლოდ მათ არ იცოდნენ, რომ ამ შთამბეჭდავი სურათის უკან დიდი ბიუჯეტი კი არა, ერთი ადამიანის სიკეთე იდგა. თემურის.
და ეს სიკეთით სავსე ატმოსფერო შეუძლებელი იყო, გადაღებებზე არ ასახულიყო. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ჯგუფი უბრალოდ სასტუმროში კი არ ბრუნდებოდა, არამედ ქალაქის ცხოვრების ცენტრში. ეს ადამიანებს ენერგიით ავსებდა, აერთიანებდა და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ფილმზეც აისახა.
თემურის დაჭერა და მადლობის თქმა ყოველთვის რთული იყო. ხანდახან მეზობელ მაგიდასთან შევნიშნავდი, მეგობრების გარემოცვაში. მადლობის შეტყობინებას მივწერდი. ის ტელეფონს დახედავდა, თავს ამოწევდა და გამიღიმებდა. მოკრძალებით. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
მადლობა, ძვირფასო მეგობარო, ნდობისთვის, ხედვისთვის და დახმარებისთვის. არა მხოლოდ ჩემთვის და ჩვენი ფილმისთვის, არამედ უამრავი კინემატოგრაფისტისთვის.
კინოზე მე ვლაპარაკობ, რადგან ეს ჩემი პროფესია და ჩემი სამყაროა. დანარჩენზე კი უკვე დიდი ხანია მთელი ქვეყანა საუბრობს და მადლობას გიხდის, ძვირფასო ადამიანო!




