ინგლისურენოვანი უკრაინული მედია Kyiv Post-ი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მათი ცნობით, სუდანში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპეცრაზმელი კსკ ვაგნერის დაქირავებულ სამხედროს კითხავს.
გავრცელებულ ვიდეოში პირი, რომელიც მედიის ცნობით უკრაინელი სამხედროა დაკითხვას უტარებს სამ ტყვეს, რომელთაგან ერთი, ეთნიკურად რუსია, დანარჩენი ორი კი შავკანიანები არიან. რუსულენოვანი ტყვე დაკითხვის დროს ამბობს, რომ ის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრია და სუდანში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან გადმოვიდა. ტყვე ამბობს, რომ მათი მიზანი მთავრობის შეცვლა იყო. მისივე თქმით, ცენტრალური აფრიკიდან კსკ-ს 100 წევრი გადმოვიდა. ტყვემ ასევე აღნიშნა, რომ აფრიკელ მოქირავნეებს, რომლებიც ვიდეოში ჩანან, 1 000 დოლარს უხდიან.
მედიის წყაროების თქმით, უკრიანელი სამხედროები სუდანში უკვე რამდენიმე თვეა რაც მოქმედებენ.
გასული წლის სექტემბერში CNN-მა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ასახული იყო თუ როგორ ატარებდნენ უკრაინელი სამხედროები სუდანში ვაგნერისა და მათ მხარდაჭერილი ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაციებს. საუბარი იყო როგორც დრონით შესრულებულ თავდასხმებზე, ისე რამდენიმე მცირე ზომის სახმელეთო ოპერაციაზე.
როგორც CNN-ი წერდა, მათთან ანონიმურად ისაუბრა უკრაინის სამხედრო წყარომ და ვაგნერის მხარდაჭერილ სწრაფი რეაგირების ძალებზე (RSF) განხორციელებულ თავდასხმებზე თქვა, რომ ეს არ იყო სუდანის არმიის მიერ შესრულებული სამუშაო. კითხვაზე, იდგა თუ არა კიევი ამ თავდასხმების უკან, წყარომ CNN-თან თქვა, რომ “პასუხისმგებლები, ალბათ, უკრაინის სპეცსამსახურები არიან”.
Kyiv Post-მა გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა 2 ვიდეო, რომლებზეც ასევე ირწმუნებოდნენ, რომ სუდანში რუსი დაქიარავებულების წინააღმდეგ უკრაინელი სამხედროების მოქმედებები იყო ასახული.
სუდანში დაპირისპირება აპრილში დაიწყო. ერთმანეთთან იბრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა. RSF-ს აქტიურად უჭერდა მხარს ვაგნერის ჯგუფი.
მას შემდეგ, რაც კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, მოქირავნეთა ჯგუფზე გავლენის მოპოვებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობდა.