„სეტყვის შემდეგ ასეულობით შეტყობინებაა შემოსული – ივნისი სადაზღვევო სექტორისთვის ზარალიანი იქნება“ – „არდი“

სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე სეტყვის შედეგებს აფასებს. როგორც მან„ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ზარალის მოცულობაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა წინასწარი მოლოდინით ივნისი სადაზღვევო სექტორისთვის ზარალიანი თვე იქნება.მისივე თქმით, კომპანიაში უკვე ასეულობით შეტყობინებაა შესული, რომელთა უმეტესობა ავტოდაზღვევის მიმართულებით ფიქსირდება და თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალური რეაგირება მიმდინარეობს.”ზოგადად, შეტყობინებები ძირითადად ავტოდაზღვევის შემთხვევებზე იყო შემოსული და ახლაც შემოდის. ჩვენი დატვირთვა გადაწყობილია იქით, რომ მაქსიმალურად არსებულ გაზრდილ მოთხოვნას მოერგოს.შეტყობინებების ნაწილი შესაძლოა ისეთი იყოს, სადაც საბოლოოდ სადაზღვევო შემთხვევა არ დადასტურდება, რადგან დაზიანება არ აღმოჩნდება. ნაწილი კი შეეხება შემთხვევებს, სადაც ობიექტურად იქნება დაფიქსირებული ზიანი და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. ამ ეტაპზე მთავარი დატვირთვა მოდის იმაზე, რომ გაიმიჯნოს, სად გვაქვს რეალურად სადაზღვევო შემთხვევა. ამის შემდეგ კი პროცესი სტანდარტული საოპერაციო რეჟიმით გაგრძელდება. ავტოდაზღვევის პოლისების უმეტეს ნაწილში სეტყვა იფარება. ამ ეტაპზე ზარალის მოცულობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე ჯერ კიდევ შემოდის შეტყობინებები. მნიშვნელოვანია დატოვებული შეტყობინებებიდან რომელი არის რეალური. ზოგიერთ ავტომობილს შესაძლოა მცირე დაზიანება ჰქონდეს და ზოგიერთ –  პირიქით მძიმე – შესაბამისად, ამ ეტაპზე ზუსტი ციფრების თქმა რთულია. შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ივნისის თვე სადაზღვევო სექტორისთვის ზარალიანი იქნება, თუმცა რა სიმძიმის იქნება, დაველოდოთ. კატასტროფულ შედეგებს არ ველოდებით, რადგან დაფარვის არეალი არ იყო დიდი. გარდა ამისა, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ავტოდაზღვევა არ აქვს – ეს ზარალები დაზღვევის მიღმა დარჩება.საქართველოში ავტოპარკის 7-8%-ია დაზღვეული და სწორედ ეს რაოდენობა მოხვდა სადაზღვევო კომპანიების კონცენტრაციაში. ჩვენს ქვეყანაში დაზღვევა, რომ განვითარებული ყოფილიყო და პენეტრაციაც მაღალი ყოფილიყო როგორც ევროპის ქვეყნებში – მაშინ, ცხადია, სულ სხვა ციფრები და სიმძიმე იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი პორფელებიც მძიმეა, რადგან ინდუსტრიაც პატარაა. საბოლოო ანგარიშით სავარაუდოდ, დასეტყვილი ავტომობილების მხოლოდ და მხოლოდ 12% იქნება დაზღვეული”, – აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში ძლიერი ნალექი და სეტყვა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სხვადასხვა უბანში დაზიანდა ავტომობილები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ქონება.bp.ge