აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი:
დარჩა ქართული ბიზნესი ავაზაკების ხელში, რომლებსაც არანაირი თანაგანცდა არ აქვთ არც საქართველოს წარსულთან და არც იმ თაობასთან, რომელიც ახლა იზრდება აქ.
ცეხავიკური სკოლის მიმდევრები აწი უფრო ხელშეუშლელად მოარგებენ ამ ქვეყნის ფიზიკურ ქსოვილს საკუთარ არაცნობიერ პროექციებს, სადაც ყველა ჭერს კოშკი ადგას, სადაც ყველა ტექსტურა უხერხულად ირეკლავს ოქროსფერს.
რაღაცას მოვყვები აქვე. 4 წლის წინ სამსახურს ვეძებდი და ისე გამოვიდა, რომ ორი შეთავაზება მივიღე. ერთი იყო უცხოური სტარტაპიდან, რომელიც მოიაზრებდა მაშინ ჯერ კიდევ ახალ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გეიმშოუს შექმნას. იდეის ავტორი და დირექტორი, როგორც შევატყვე, მილიონერი იყო. სამი გასაუბრება და ათასნაირი დავალება გამომატარა. ბოლოს ჩემს სთენდაფზე მოვიდა და იქ გადაწყვიტა რო ავეყვანე ;დ გამომიგზავნა ოფერი და მეც თითქმის გადაწყვეტილი მქონდა მომდევნო ორშაბათიდან მის ოფისში გადაბარგება მუშაობის დასაწყებად, მაგრამ აჭარა ჯგუფის გასაუბრებაზე მაინც მივედი, მეთქი მოვისმინო მაინც რას მთავაზობენ.
მაგ დღეს, რატომღაც, პირველად ვიყავი სტამბაში. ყველაფერი დავათვალიერე, სადაც შეისვლებოდა. განსაკუთრებით მომხიბლა გარე სივრცემ და იქაურმა ველურმა მცენარეებმა, რომლებიც თითქოს ხის ამფითეატრზე მომსხდარი შავპომადიანი თინეიჯერების, ტილოს პერანგიანი მცირე მეწარმეების თუ სლავი აიტიშნიკების უცნაურად ჰარმონიული ყაყანით იზრდებოდნენ. ეგეთი ადგილი საქართველოში იქამდე არ მენახა.
მიუხედავად იმისა რომ სტარტაპში ბევრად მეტ ხელფასს და პროექტის წარმატების შემთხვევაში სამუდამო კრიპტო დიდებას მპირდებოდნენ ( კი
), არც მიყოყმანია ისე გადავწყვიტე აჭარა ჯგუფთან თანამშრომლობა. ვიცოდი, რომ თუ კვირაში 5 დღე სადმე უნდა მევლო, ამ ადგილზე უკეთესს ვერ მოვნახავდი. დღემდე ასე ვფიქრობ.
მერე და მერე ბევრი რამე იყო აქ უჩვეულო და მომხიბლავი. მაგალითად, იქამდე არც თუ ცოტა ოფისი მქონდა გამოცვლილი, მაგრამ არსად მყოლია შშმ პირი თანამშრომლები, სტამბაში კი უამრავი სმენადაქვეითებული ადამიანია დღესაც დასაქმებული.
ჩაგრული თუ ამ სისტემისთვის უხილავი ადამიანების გარდა, ვამჩნევდი რომ აქ მიუსაფარი ცხოველებისთვისაც იქმნებოდა მხარდაჭერის სივრცეები, რაც არანაკლებ ამაღელვებელი იყო ჩემთვის. რამდენჯერ ავსულვარ ოფისში და მინახავს ცუგო, რომელიც ნელა დალასლასებს კარიდორში, ისე, თითქოს ეგეც თანამშრომელი იყოს და ჯერ დილის ყავის დოზა არ მიეღოს.
კულტურაც რჩება გულშემატკივრის გარეშე. ვიცნობ ადამიანებს ხელოვნების სფეროდან და ახალ იდეებზე საუბრის კონტექსტში, როცა პროექტის განსახორციელებლად ფინანსური რესურსი იყო საჭირო, რამდენჯერ მომისმენია ფრაზა: “მიდი თემურასთან და იქნებ რამე გამოვიდეს…” პირველი ადამიანი იყო, ვინც ახსენდებოდათ ასეთ დახმარებაზე.
ამ კონტექსტშივეა აღსანიშნავი ისიც, რომ ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო ბევრი სივრცე სწორედ აჭარა ჯგუფის ქოლგის ქვეშ შეიქმნა და მათ უკან ერთი ადამიანის ხედვა და ემპათია იდგა.
დილიდან ვკითხულობ პოსტებს და რომელი ბიზნესმენი გახსენდებათ, რომ ამდენი კეთილი მოგონებით გაეცილებინოთ ბოლო გზაზე?
ძირითადად, “მიცვალებულზე ან კარგი უდნა თქვა, ან არაფერი” განწყობა სუფევს ხოლმე და მაქსიმუმ ერთი გატეხილი გულის ემოჯით შემოფარგლული სიჩუმე.
ხოდა, ვისურვებდი რომ დაფიქრებულიყვნენ ამ ქვეყნის ყველაზე შეძლებული ადამიანები და მიმხვდარიყვნენ ნამდვილი სიმდიდრე რაში მდგომარეობს.
შორს გახედვა და ხელების ცეცება არაა საჭირო,
თემურ უგულავას კვალს საქართველოში ყველგან შეხვდები.



