ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო – აქამდე ვის ჰქონდა ჩაგმანული არქივები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, ყველა რეზოლუცია სიყალბით სავსე ფარატინა ქაღალდად არის ქცეული, ხოლო, ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრს “გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი” ეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა, მათ ისტორიაშიც რთულად ჰქონიათ საქმე, ვინაიდან, არც აქამდე დაუშლიათ ვინმესთვის საარქივო ფონდებში არსებული მასალის კვლევა.
სოსიაშვილი აქვეყნებს მის მიერ 13 წლის წინ გამოცემულ საარქივო დოკუმენტების კრებულს, სადაც ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესიის აოხრებაზეა საუბარი, ასევე, საკუთარ პოსტს სამეცნიერო ჟუნრალების ბმულებს ურთავს, სადაც მასალა ინგლისურ ენაზეა განთავსებული.
“ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო…აქამდე ვის ჰქონდა ჩაგმანული არქივები, აქამდე ვისთვის დაუშლიათ საბჭოთა წარსულის შესახებ საარქივო ფონდებში არსებული დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე. არ გჯერათ ქალბატონო რასა? სხვა რა გჯერათ? სამყაროს დაქცევას აბრალებთ ქართველებს. გვემუქრებით, ყველა რეზოლუცია სიყალბით სავსე ფარატინა ქაღალდად აქციეთ.
აგერ, თუ არ იყო წვდომა საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე. 13 წლის წინ 600 გვერდიანი საარქივო დოკუმენტების კრებული გამოვეცი, სადაც ბოლშევიკების მიერ ქართული სამოციქულო ეკლესიის აოხრებაზეა საუბარი. სიმართლე გითხრათ, ჩვენი დედა ეკლესია არც თქვენ გეხატებათ გულზე, მაგრამ ეგ თქვენი პრობლემაა. ისე გინდათ წარმოაჩინოთ, თითქოს საბჭოთა პერიოდზე საარქივო მასალები ცხრაკლიტულში გვაქვს და სამყაროს ვუმალავთ. არადა, ეს მასალები, წლებია, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ უცხოელ მკითხველსაც მიეწოდება მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების მეშვეობით. აგერ, ბატონო ლინკები, ინგლისურ ენაზეა, წაიკითხეთ, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ,” – წერს გიორგი სოსიაშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა