რუსეთის დრონებმა შავ ზღვაში ორი უცხოური გემი დააზიანეს – დაიღუპა მეზღვაური

რუსეთის საოკუპაციო არმიამ შავ ზღვაში ორი უცხოური სამოქალაქო გემი დრონებით დაბომბა. თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა.

მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ პანამისა და სენტ-კიტსისა და ნევისის დროშების ქვეშ მცურავ გემებს, რომლებიც უკრაინული პორტებიდან გამოდიოდნენ. ერთ-ერთ გემზე ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა და ორი დაშავდა, ხოლო მეორე გემზე მსუბუქი დაზიანებები კიდევ სამმა მეზღვაურმა მიიღო.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორივე გემი უკრაინის საზღვაო დერეფნით გადაადგილდებოდა. მიუხედავად თავდასხმისა, გემებმა გზა განაგრძეს, ხოლო საპორტო ინფრასტრუქტურა უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მუშაობას აგრძელებს.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო ნაოსნობას, ვაჭრობასა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. მათივე შეფასებით, სამოქალაქო მეზღვაურებზე, სავაჭრო გემებსა და საზღვაო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთაშორისო სამართლისა და ნაოსნობის თავისუფლების უხეში დარღვევაა.