აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს საუბარი სჭირდებათ, თუმცა არ იციან ეს როგორ გააკეთონ.
მისი თქმით, ტელეფონით ესაუბრა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე ვლადიმერ პუტინს.
“როგორც ჩანს, ორივე მხრიდან ბევრი ჯარისკაცი იკარგება. რუსეთი უფრო მეტს კარგავს, რადგან ისინი თავს ესხმიან. როდესაც ომში თავს ესხმი, მეტ ადამიანს კარგავ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტებთან მისი საუბრები “ძალიან წარმატებული“ იყო და გამოთქვა რწმენა, რომ მათ საუბარი სჭირდებათ.
“მათ საუბარი სჭირდებათ, მაგრამ უბრალოდ არ იციან როგორ. უბრალოდ არ იციან როგორ მიაღწიონ შეთანხმებას“, – აღნიშნა ტრამპმა.
ირანთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის შემდეგი პრიორიტეტი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზების პოვნა იქნებოდა. მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებები ყოველთვიურად დაახლოებით 25 000 ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.
გარდა ამისა, ზელენსკიმ და ტრამპმა განიხილეს პუტინთან აშშ-ის ტერიტორიაზე მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა. მოსალოდნელია, რომ ასეთმა ფორმატმა კრემლის ლიდერისთვის პირდაპირი დიალოგის თავიდან აცილება გაართულოს.
ამავდროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების ამ ზაფხულს დაწყების შესაძლებლობას. ბერლინი მიიჩნევს, რომ ომი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა და პუტინი შესაძლოა, დიპლომატიურ მოგვარებას განიხილავდეს.




