მზია ამაღლობელის პატიმრობის საკითხი დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც განიხილეს. ოპოზიციის კითხვას, რომელიც ჟურნალისტის პატიმრობას შეეხებოდა, “ოცნების” გუნდის წარმომადგენლებისგან მწვავე პასუხები მოჰყვა.
სიტყვით გამოვიდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით თედორაძე, რომელმაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლები გააკრიტიკა. მისი განცხადება ოპოზიციამ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ გზავნილად შეაფასა.
მზია ამაღლობელის საქმეზე დასმულ კონკრეტულ კითხვას პირდაპირი პასუხი არ გაუციათ არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს და არც სხდომის თავმჯდომარეს, ცოტნე ანანიძეს. მათ არ უპასუხეს კითხვას, მიიჩნევენ თუ არა დაკავებულ ჟურნალისტს კრიმინალად.
მკაფიო პოზიცია არც სხვა დეპუტატებს დაუფიქსირებიათ. მათ შორის, ნადიმ ვარშანიძეს, რომელიც წლების განმავლობაში ხელვაჩაურის მერი იყო და ამჟამად უმაღლესი საბჭოს წევრია. დეპუტატების ნაწილმა არც ის დააზუსტა, ეთანხმებიან თუ არა დავით თედორაძის განცხადებას.
ოპოზიცია აცხადებს, რომ “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები თავს არიდებენ პასუხს მთავარ კითხვაზე – როგორ აფასებენ მზია ამაღლობელის პატიმრობას და მიიჩნევენ თუ არა მის საქმეს მედიის თავისუფლების შეზღუდვად.




