ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჰოლგერ ნოიმანს, ესაუბრა. ინტერვიუში ნოიმანმა თქვა, რომ გერმანია რუსეთთან საბრძოლველად “ამ ღამესვე” არის მზად, თუ მათ მოსკოვის NATO-ზე თავდასხმის მოგერიება მოუწევთ. მან რუსეთი გააფრთხილა, რომ თუ თავს დაესხმებიან NATO-ს ქვეყანას, გერმანიის გამანადგურებელ საჰაერო დარტყმებს მიიღებენ.
მოიმანმა აღნიშნა, რომ NATO-ში არ არსებობს “უსაფრთხოების სხვადასხვა ზონები”. ამით ის გულისხმობს, რომ ალიანსის პასუხი, მაგალითად, ესტონეთზე თავდასხმაზე, ისეთივე იქნება, როგორიც ლონდონის დაბომბვის შემთხვევაში. ლუფტვაფეს მეთაურის თქმით, კოლის ნახევარკუნძული, კალინინგრადი და შავი ზღვის სანაპირო NATO-ს რისხვის წინაშე აღმოჩნდება, თუ ალიანსს თავდაცვა მოუწევს.
წლების განმავლობაში ეს გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურის ყველაზე ხისტი პოზიციაა.
მედიასთან საუბარში გერმანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა გამოთქვა დიდ ბრიტანეთისთვის საჰაერო თავდაცვით დაეხმარების მზადყოფნა, თუ ლონდონს მსგავსი თხოვნა ექნება.
ნოიმანმა შეაქო გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რამდენიმე მილიარდი ევროთი დააფინანსონ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და რაკეტების წარმოება და შესყიდვა.
საჰაერო ძალების მეთაურის თქმით, პირველ რიგში სურს, რომ გაქრეს შიშები, თითქოს, რუსეთის მოგერიებისგან გერმანია თავს შეიკავებს, თუ მოსკოვი NATO-ს პატარა ქვეყანას დაესხმება თავს.
“თუ საქმე კონფლიქტამდე მივა – ვიმედოვნებ, ეს არასდროს მოხდება, მაგრამ თუ მივა – ჩვენი ტერიტორიის ყოველ მონაკვეთს დავიცავთ. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, განსაკუთრებით, ჩვენი ჩრდილოელი და ბალტიელი მოკავშირეებისთვის.” – თქვა ნოიმანმა.
“ცხადი უნდა იყოს, რომ არ არსებობს უსაფრთხოების სხვადასხვა ზონები, რომ NATO არის NATO, ყოველი გოჯის ჩათვლით. ვფიქრობ უნდა გავიღოთ დიდი ძალისხმევა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვუდარაჯოთ და თუ საჭიროა ვიმოქმედოთ გარკვეულ რეგიონებში.” – დაამატა გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურმა.
ნოიმანმა განმარტა საკუთარი სიტყვები, თუ რას ნიშნავს გერმანიის მზადყოფნა “ამაღამვე ებრძოლოს” რუსეთს თავდასხმის შემთხვევაში.
“ამაღამ ბრძოლა ნიშნავს, რომ თუ ვინმე ახლა დამირეკავს და მეტყვის, მსგავსი სიტუაცია გვაქვსო, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და უკვე ვართ კიდეც… ყველაფრით ჩავერთვებით, რაც გერმანიაში გაგვაჩნია, ასევე NATO-ში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ალიანსი.” – თქვა გერმანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
ნოიმანის თქმით, სწორად უნდა შეაფასონ რუსეთის შესაძლებლობები. მან აღნიშნა, რომ რუსებმა ომის პარალელურად საბრძოლო მეთოდებთან ადაპტაცია ისწავლეს.
“წესი ნომერი პირველი: არასდროს შეაფასო არასათანადოდ შენი მოწინააღმდეგე. ასე რომ, რასაც არ უნდა ვხედავდეთ [უკრაინაში], ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად მსგავს დასკვნებთან.” – თქვა ნოიმანმა.
ლუფტვაფეს მეთაურს არ მოსწონს ევროპის თავდაცვის ავტონომიისა და აშშ-სგან ჩამოშორების იდეა.
“მე NATO-სა და ტრანსატლანტიკური კავშირის დიდი გულშემატკივარი ვარ. არ მომწონს ევროპული ავტონომიის იდეა. მე მსურს ვიყო ძალიან, ძალიან ძლიერი ევროპელი პარტნიორი, რომელიც ალიანსში საკუთარ დავალებას ასრულებს და სწორედ ამიტომ თავად უნდა განვავითაროთ ზოგიერთი მისიებისთვის საჭირო კრიტიკული შესაძლებლობები.” – თქვა ნოიმანმა.




